დარიალის ხეობაში, სტიქიის ზონაში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩავიდა. მარგველაშვილი შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
„მაისში როდესაც აქ ვიყავით, ბევრად უფრო დიდი დაგუბება იყო. მაშინ მოხერხდა ძალიან სწრაფად, 3 კვირაში გზის აღდგენა. რეალურად დღეს ამბობენ ჩვენი უწყებები, რომ ასევე სწრაფად მოხდება, დაახლოებით 2 კვირაში გზის აღდგენა. მაშინვე მოხდა ასევე ეფექტურად გაზგამყვანი მილის აღდგენა, რომელიც ამარაგებს სომხეთს და ასევე გვემსახურება ჩვენ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლაც საუბარია იმის თაობაზე, რომ სწრაფად მოხდება ამ ინფრასტრუქტურის აღდგენა.
ერთი დადებითი, რაც გამოვიტანეთ წინა შემთხვევიდან მდგომარეობდა იმაში, რომ დევდორაკზე დადგმულია წინასწარი ინფრომაციის მომცემი საშუალებები, რომელიც ატყობინებს საზღვარს და ბუნებრივია, შსს-ს თუ რამე მოძრაობა არის დევდორაკზე. ახალა ამ სისტემამ იმუშავა, რის შედეგადაც გადაიკეტა გზა ზევიდანაც და ქვევიდანადაც და ამიტომ არ მოხდა ისეთი მასშტაბური მსხვერპლი, რაც მანამდე იყო. 7 ადამიანი დაიღუპა მანამდე. ახლა მიმდინარეობს 2 ადამიანის ძებნა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მთავრობა მობილიზებულია.
ჩვენმა სომეხმა პარტნიორებმა იციან დანამდვილებით იმის თაობაზე, რომ ინფრასტრუქტურის აღდგენა ჩვენთვის პრიორიტეტულია. პრემიერი, დარწმუნებული ვარ, თავს კომფორტულად გრძნობს, იმიტომ რომ წინა შემთხვევაშიც ჩვენ ძალიან ეფექტურად და დროზე აღვადგინეთ ეს კომუნიკაცია სომხეთთან“,-განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დარიალის ხეობიდან პირდაპირი ჩართვისას.
ცნობისთვის, ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად, დევდორაკის ხეობაში მთის მასა გუშინ ჩამოწვა
შეგახსენებთ, დარიალის ხეობაში მეწყერი 17 მაისსაც, დილით 09:30 წუთზე ჩამოწვა, რამაც მდინარის დაგუბება და გზის ჩახერგვა გამოიწვია.
21.08.14