საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ მდგომარეობის შესწავლისა და მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ბრძანებით, კომისია შეიქმნა.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ ფუნქციონირების სწრაფად უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის თავმჯდომარე შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძეა.
უწყების ცნობით, კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, სხვადასხვა დეპარტამენტისა და სამმართველოს ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
„მინისტრის დავალებით, აღნიშნულმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებული მდგომარეობის შეფასება და მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენა, ასევე საბაჟო-გამშვები პუნქტის გამართული ფუნქციონირების მიზნით არსებული მდგომარეობის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.
განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელიც პირადად განახორციელებს კონტროლს ბრძანების შესრულებაზე“,-აცხადებენ სამინისტროში.
ცნობისთვის, 20 აგვისტოს დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ მუშაობა შეჩერდა.
ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად, დევდორაკის ხეობაში მთის მასა ჩამოწვა.
შეგახსენებთ, დარიალის ხეობაში მეწყერი 17 მაისსაც, დილით 09:30 წუთზე ჩამოწვა, რამაც მდინარის დაგუბება და გზის ჩახერგვა გამოიწვია.
22.08.14