ქართული მედია სივრცე გასართობი, მუსიკალური შოუებით უკვე დიდი ხანია გვანებივრებს, ერთ–ერთი ასეთი პროექტის – „X ფაქტორის“ პირველი გამარჯვებული წელს – თორნიკე ყიფიანი გახდა. მან მოსახლეობის 67%–ის მხარდაჭერა დაიმსახურა. გარდა ამისა, იგი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის პროექტის ყველა სპონსორის რჩეულიც გახდა.
როგორც ჟურნალისტები და ახლო მეგობრები ამბობენ სიტყვაძუნწია, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მუსიკალური შოუს გამარჯვებული „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა. იგი ამჟამად პარიზში, როკ – ფესტივალზე “Rock Insane” იმყოფება.
როგორია თქვენი მოკლე ბიოგრაფია და როდის გაჩნდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?
დავიბადე 1987 წლის 11 დეკემბერს, დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტი, მყავს მეუღლე და ორი შვილი. რაც შეეხება მუსიკას, დაახლოებით ჩვიდმეტი წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ მესწავლა გიტარაზე დაკვრა და ჩამომეყალიბებინა ჩემი ჯგუფი.
ვინ იქონია ზეგავლენა თქვენი, როგორც პიროვნების და შემდგომ მუსიკოსის ჩამოყალიბებაში?
კონტრეტულად ვერ გიპასუხებთ, ბევრმა ადამიანმა.
იყო თუ არა თქვენი, როგორც მუსიკოსის გზა რთული, ძირითადად რა პრობლემებს აწყდებოდით და რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენდა ცხოვრებისეული სირთულეები თქვენს შემოქმედებაზე?
მუსიკალურ ჟანრს რომელსაც მე ვქმნიდი, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად არასოდეს მიფიქრია თავის დანებებაზე, ნელ–ნელა მაინც ვაღწევ ჩემს მიზნებს და იმედია ბოლომდე მივაღწევ.
რა არის თქვენთვის უფრო სასიამოვნო, როდესაც მოგიხსენიებენ როგორც მუსიკოსს, თუ მომღერალ თორნიკე ყიფიანს?
რა თქმა უნდა, როგორც მუსიკოსს, ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია.
როგორ ფიქრობთ, x ფაქტორის საშუალებით, მსმენელმა დაინახა თორნიკე ყიფიანი, როგორც მუსიკოსი – შემოქმედი თუ, როგორც უბრალოდ კარგი შემსრულებელი?
მართალია, „x ფაქტორში“ პროექტის ფორმატის გამო არ მომეცა საშუალება საკუთარი სიმღერები შემესრულებინა, მაგრამ რაც შევასრულე ვცდილობდი ყველა სიმღერა ჩემი ინტერპრეტაციით შემესრულებინა, ამიტომაც ორიგინალში არცერთი მათგანი არ მიმღერია. შესაბამისად ვფიქრობ, რომ მსმენელმა, მაყურებელმა გამიცნო როგორც შემსრულებელი და ასევე „შემოქმედიც“. იმედი მაქვს, ჩემს შემოქმედებით შესაძლებლობებს უფრო ნათლად დავანახებ ჩემს მსმენელს.
რომელია თქვენი საყვარელი მუსიკოსი ან მუსიკალური ჯგუფი და როგორ ფიქრობთ, იგრძნობა თუ არა მათი ზეგავლენა თქვენს შემოქმედებაზე?
ძალიან ბევრი მუსიკოსია, რომლის შემოქმედებაც მომწონს და ვაფასებ, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ მუსიკოსს უნდა ინდივიდუალური იყოს საკუთარ შემოქმედებაში, უნდა იყოს „თავის უფალი“. ჩემი მუსიკალური სივრცე ძალიან დიდ არეალს მოიცავს, საბოლოოდ მაინც ვცდილობ ვიყო ყველასგან გამორჩეული მუსიკოსი.
რამდენად რთულია სამსახურისა და პირადი ცხოვრების შეთავსება ერთმანეთთან?
რა თქმა უნდა, ძალიან რთულია მათი შეთავსება ერთმანეთთან.
როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე ძვირფასი, რაც მუსიკოსს გააჩნია?
მუსიკოსისთვის, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია სიყვარული, სიხარული, თავისუფლება, თუმცა ყველაზე ძვირფასი, რაც მე გამაჩნია არის მსმენელი და მუზა.
25.08.14
ნათია კეკენაძე