საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის მტკიცებით, პრეზიდენტი საკმაოდ ჯიუტია იმისთვის, რომ გაეროს ასამბლეაზე წასვლა გადაიფიქროს.
როგორც მაჭავარიანმა „კვირა“-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთადერთი, რამაც შეიძლება პრეზიდენტს გაეროს ასამბლეაზე წასვლა გადააფიქრებინოს, მისი და პრემიერ ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა იქნება.
მაჭავარიანის მოსაზრებით პრემიერმა პრეზიდენტს პირადად უნდა სთხოვოს რომ წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალოს.
„მე ვიცნობ პრეზიდენტ მარგველაშვილს და შემიძლია გითხრათ რომ ის საკმაოდ ჯიუტი ადამიანია. ერთადერთი, რამაც შეიძლება მას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წასვლა გადააფიქრებინოს, მისი და პრემიერის პირისპირ შეხვედრა იქნება. პრემიერმა მას პირადად უნდა სთხოვოს, რომ მან გაეროს ასამბლეაზე წასვლა გადაიფიქროს“ – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესია ნიუ იორკში 26 სექტემბერს გაიმართება.
საკითხი, თუ ვინ გამოვა სიტყვით კლიმატის ცვლილებების შესახებ გაეროს სამიტზე, მას შემდეგ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აშშ-ში გაეროს სამიტზე სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღაიბაშვილი გამოვა.
მანამდე კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ივლისის თვეში გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, გიორგი მარგველაშვილმა გაეროს სამიტზე დასასწრებად პან გი მუნისგან მიიღო მოწვევა. პრეზიდენტმა ოფიციალური არხებით ამის შესახებ საგარეო უწყებას აცნობა.
“გაეროში ვიზიტთან დაკავშირებით სამზადისი გრძელდება და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “მაესტროს 9-იანში”განაცხადა.
რაც შეეხება შეკითხვას, აპირებს თუ არა ის გაეროში დაგეგმილ სამიტზე სიტყვით გამოსვლას, რასთან დაკავშირებითაც ცნობილი გახდა, რომ მოხსენებისთვის საქართველოს პრემიერმინისტრი ემზადება, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მან პირადად გაეროს გენერალური მდივნისგან მიიღო მოწვევა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვიზიტი დაუდასტურა.
09.09.14