საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ფონიჭალაში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც “თბილისი თაიმსს” შსს-დან აცნობეს, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ელშად ფ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ელშად ფ-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია მოახდინა. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.
09.09.14