საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მტკიცებით, 8 თვის მონაცემებით, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ათვისებულია.
როგორც ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მონაცემებს ასახავს.
”მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის განცხადებები, რაც გაკეთდა. თუ ნახავთ 8 თვის შედეგებს, სიტუაცია არის მნიშვნელოვნად შეცვლილი და ათვისების თვალსაზრისით არის ყველაფერი რიგზე. რაც შეეხება ტენდერებს, სამწუხაროდ, ტენდერების ბუნებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში ხდებოდა შეფერხება, თუმცა სიტუაცია აქაც გამოსწორებულია. სამწუხაროდ, პარლამენტის წევრებმა მხოლოდ ასეთი ფორმით შემოგვთავაზეს თავიანთი მოსაზრებები, როცა შესაძლებელი იყო სამუშაო რეჟიმში მათთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება”, – განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, 8 თვის შედეგებით, გამოსწორებულია გრანტების ნაწილში დაფიქსირებული პრობლემაც.
“6 თვის შედეგებში გრანტებთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული პრობლემა და მინდა გითხრათ, რომ ახლა ამ ნაწილშიც წლიური გეგმის თითქმის 85 პროცენტია შესრულებული”, – განაცხდა ნოდარ ხადურმა.
პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში შევიდა, რომლის თანახმადაც, შემოსულობების ნაწილში ყველაზე დიდი შეუსრულებლობა ვლინდება გრანტებში, სხვა შემოსავლებში, ფინანსური აქტივების კლებაში, მათ შორის – ვალდებულებების ზრდაში.
ანგარიშის თანახმად, მთლიანად შემოსულობებს 155-მილიონი დააკლდა, გრანტებს – 53 მილიონი, სხვა შემოსავლებს – 33 მილიონი, ფინანსურ აქტივებს – 6 მილიონი, ვალდებულებების ზრდას, ანუ სესხებს – 176 მილიონი.
ვალდებულებებში ვერ შესრულდა საგარეო წყაროებიდან მოსაზიდი ფინანსები, რომელიც უფრო იაფი სესხია, ვიდრე საშინაო ფასიანი ქაღალდები.
10.09.14