შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძე განცხადებით, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები. ამის შესახებ მინისტრმა გაზეთ “ალიასთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
როგორც ჭიკაიძემ ჟურნალისტის კითხვაზე, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წერილთან დაკავშირებით აღნიშნა, გარკვეული ძალების მხრიდან არეულობა იგეგმება.
უგულავას სახელით გავრცელებული წერილში წერია, რომ თბილისის ყოფილი მერი საკუთარ თანაპარტიელებს ქვეყანაში სრული აპოკალიფსის მოწყობისკენ მოუწოდებს.
„იმ კონკრეტულ წერილთან დაკავშირებით პასუხისგან თავს შევიკავებ, თუმცა გიდასტურებთ, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები, ისინი ცდილობენ დესტაბილიზაციისა და დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას, პირველი დარტყმა, რა თქმა უნდა, მოვიდოდა ჩემზე და ჩემს სამინისტროზე. მათი მიზანი იყო ჩემი და ჩემი თანამშრომლების განეიტრალება. რასაც ვამბობ, ამის მტკიცებულებები და ფაქტები მაქვს…“, – აცხადებს “ალიასთან” საუბრისას ჭიკაიძე.
მისივე თქმით,თუ ის სუსტი მინისტრია, მაშინ მასთან ამხელა ბრძოლა რატომ არის საჭირო.
„მოგეხსენებათ, რომ კამერების წინ მაინცდამაინც მჭერმეტყველი არ ვარ, თქვენ ნახეთ, რომ დაიწყო ჩემი პიროვნებისადმი შეურაცხყოფელი ეპითეტების გამოყენება. თუ ასეთი სუსტი ვარ, როგორც მინისტრი და სუსტი თანამშრომლები მყავს, მაშინ რაში სჭირდებათ ჩემთან ამხელა ბრძოლა? კონკრეტული ჯგუფები აპირებდნენ ამ ნიუანსების გამოყენებას. სამწუხაროდ, დაემთხვა მკვლელობების ფაქტები და მათი გეგმის ნაწილი იყო, რომ დაწყებულიყო სამინისტროს დისკრედიტაცია. იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ცდილობდნენ განწყობის შექმნას, რომ ქვეყანაში არის ქაოსი და შსს არის დემორალიზებული, ეს პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ შეფერხდეს ეკონომიკური განვითარება, არ შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტორი და საქართველოს შეუქმნან იმიჯი, თითქოს არსებობს საფრთხეები, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ წელს საქართველოში იმდენი ტურისტი ჩამოვიდა, რამდენიც არასდროს ყოფილა“, – განაცხადა მინისტრმა „ალიასთან“ საუბრისას.
10.09.14