თბილისის მერიის ინფორმაციით, ყოველწლიური ფოტოკონკურსი „ქოლგა“ ოფიციალურად გაიხსნა.

მათივე ცნობით, 2013 წელს ფოტოკვირეულის ფორმატი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ  გაეცნონ, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმულ კლასიკური ფოტოხელოვანების ნამუშევრებს, ისე თანამედროვე ამერიკელ, ესპანელ, გერმანელ და ქართველ ფოტოხელოვანების ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს.

„თიბისი“ გალერეაში „ქოლგა თბილისი ფოტო 2013” ალექსანდრე კოტორაშვილის გამოფენას სახელწოდებით: “ქართული სპორტის ისტორია 1963-2003“ წარმოადგენს. ალექსანდრე კოტორაშვილი განსაკუთრებული ხედვის მქონე ფოტოგრაფია, რომელმაც მთელი საკუთარი შემოქმედება სპორტული რეპორტაჟის შექმნასა და განვითარებას მიუძღვნა, აცხადებენ მერიაში.

როგორც მერიაში აღნიშნავენ ყოველწლიური ფოტოკვირეული “ქოლგა თბილისი ფოტო”-ს დასკვნითი ეტაპი  1-10 მაისს გაიმართება. საპრიზო ფონდი წელს 10 000 ლარით განისაზღვრა. ეს თანხა ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გადაუნაწილდებათ.

ცნობისთვის,  ფოტოკონკურსი „ქოლგა“ უკვე თერთმეტი წელია  მიმდინარეობს. 2012 წლიდან, “ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას მასპინძლობს, რომლებზეც წარმოდგენილია, როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები.

01.04.13

Please follow and like us: