unnamed (2)საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენლების მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე განიხილეს 7-8 ოქტომბერს დაგეგმილ 29-ე რაუნდზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება 28-ე რაუნდის ჩაშლის გამო და აღნიშნა, რომ ცალსახად მიუღებელია დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც მიმართულია კონსენსუსის საფუძველზე შეთანხმებული ფორმატისა და დღის წესრიგის წინააღმდეგ. მხარეებმა განიხილეს ის შესაძლო ნაბიჯები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მომავალში მოვლენების მსგავსი განვითარების თავიდან აცილება და შემდგომი რაუნდების ჩვეულ ფორმატში ჩატარება.

ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია სამუშაო ჯგუფების შეუფერხებელი ფუნქციონირება და ისეთი ძირითადი საკითხების განხილვა, როგორიც არის ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება და იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნება.

16.09.14

Please follow and like us: