თეთრი სახლის ადმინისტრაცია ISAF-ის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ორი თვის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა. მისია, რომელიც აშშ-მ 9/11-ის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო ოპერაცია „ჩამოუშლელი თავისუფლებით“, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. 2014 წლის წლის მონაცემებით, მისიაში დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობამ კი 5000-ს გადააჭარბა. ISAF–ი ავღანეთის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობის გადაცემას 2014 წლისთვის დაასრულებს, თუმცა, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, ეს ფაქტი ავღანეთიდან ალიანსის ჯარების გაყვანას არ ნიშნავს. ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, ავღანეთიდან უცხოური ჯარების გაყვანის პროცესი უფრო ლოგიკური გახდა. შტატებმა და დასავლეთმა, მიზანს მიაღწიეს და საშიში ტერორისტის განადგურება ავღანეთის მეზობელ პაკისტანში შეძლეს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ მის სტრატერგიას გადახედვა სჭირდება. მისი აზრით, ISAF-ის მისიის დასრულება ისევე საჭიროა, როგორც მისი დაწყება იყო მნიშვნელოვანი. მისიის დასრულების ძირითად მიზეზად პრეზიდენტი დიდ დანაკარგსა და ნატოს წევრი და არა წევრი ქვეყნების ინტერესების აღრევას ასახელებს. ბარაკ ობამას სტრატეგიის თანახმად, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს. მან ეს სტრატეგია 2009 წლის დეკემბერში, სამხედრო აკადემია ვესტ–პოინტში გამოსლისას გამოაქვეყნა. სწორედ მაშინ, პირველად განაცხადა, რომ თალიბების დასამარცხებლად, ავღანეთში დამატებითი ძალები გაიგზავნება, რაც თავის მხრივ, ქვეყნიდან ჯარების გაყვანას შეუწყობდა ხელს. როგორც ჩანს, 5 წელიწადში, ობამას ადმინისტრაციამ, ავღანეთის ოპერაციასთან დაკავშირებით გეგმები შეცვალა. რამდენიმე თვის წინ შტატების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა, 2014 წლისთვის ჯარების გაყვანა ვერ მოხერხდეს, თუმცა მან დააკონკრეტა, ისიც, რომ მხოლოდ აშშ-ს საჯარისო დანაყოფები დარჩებიან ავღანეთში.
იმისთვის, რომ ISAF-ს ავღანეთი დაეტოვებინა, 10 წლის წინ შტატებისა და ნატოს მიერ გამოცხადებული 3 მიზნის მიღწევა იყო საჭირო.
1. ავღანეთის სახელისუფლებო ინსტიტუტების შექმნა და გაძლიერება, ცენტრალური ხელისფულების გაფართოვება პროვინციებზე. 2. ქმედითუნარიანი ეროვნული ჯარის, პოლიციის, უშიშროების ძალების შექმნა, ტერიტორიების ეტაპობრივი გადაცემა მათი კონტროლის ქვეშ. 3. ალ–ქაიდასა და თალიბანის განეიტრალება. პრეზიდენტის განცხადებით, მიზნები ნაწილობრივ შესრულებულია, რისთვისაც მადლობას უხდის ნატოს წევრ და აპლიკანტ ქვეყნებს, და მისიის დასრულების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს აპლიკანტი ქვეყნების მხრიდან სამხედრო დანაკლისს. კოალიციურ ჯარებს ნატოს სარდლები ხელმძღვანელობენ, აპლიკანტი ქვეყნები კი ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილით ნატო-ს სამხედრო მოქმედებებში იღებენ მონაწილეობას. ბარაკ ობამა ვრცლად განმარტავს იმ რთულ პროცესს, რისი გავლაც მოუწევთ ამ ქვეყნებს ნატო-ში გასაწევრიანებლად და აცხადებს, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე დასაფასებელია იმ მიზნებისთვის და სურვილებისთვის, რაც ამ ქვეყნებს აქვთ, თუმცა ეს მხოლოდ გრძელვადიანი პროცესის ნაწილია, პროცესის რომელიც აუცილებლად დასრულდება და რომლისთვისაც უახლოეს მომავალში ზოგიერთი აპლიკანტი ქვეყანა მიიღებს სასურველ შედეგს. პრეზიდენტი 2014 წელს მისიის დასრულების შემდეგ აშშ-ს ჯარების მთავარ მიზნად ავღანეთში მოსახლეობასთან თანამშრომლობას ისახავს. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ოპონენტებმა ერთი ფაქტი გაიხსენეს.
კოალიციური ჯარის სარდლის პოსტზე წარსულში, რამდენიმე ადამიანი შეიცვალა, მათგან ყველაზე გამოჩენილი ფიგურა სტენლი მაკკრისტალი იყო. სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნით გადაწყვიტა ვაშინგტონმა ავღანეთში დამატებითი დანაყოფების გაგზავნა და სწორედ მან განაცხადა პირველად, რომ ავღანეთში ომის მოსაგებად, არამხოლოდ სწორი ტაქტიკა, არამედ მოსახლეობასთან თანამშრლობა და პირველ რიგში, ავღანური კულტურისა და ისტორიის თავისებურობების გაგებაა საჭირო. ამასთანავე, მაკკრისტალი არ იყო მომხრე მისიაში აპლიკანტი ქვეყნების საჯარისო ნაწილების ჩართვის, ის აცხადებდა,
რომ მსხვერპლი აუცილებელი იქნებოდა და ამ მსხვერპლისთვის ადრე თუ გვიან ეს ქვეყნები სამართლიანად მოითხოვნენ ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, რაც რა თქმა უნდა ვერ მოხერხდებოდა ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაკკრისტალის ინოვაციური მიდგომა სათანადოდ ვერ შეაფასეს. გენერალმა თანამდებობა 2010 წელს სკანდალის შემდეგ დატოვა, როდესაც ვაშინგტონის მაღალჩინოსნები გააკრიტიკა და არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა. სტენლი მაკკრისტალი, რომელმაც ამ სკანდალის შემდეგ სამხედრო კარიერა ფაქტობრივად, დაასრულა, თანამდებობაზე ჯერ გენერალმა დევი პეტრიუსმა, შემდეგ კი შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის მაოდგილემ ჯონ ალენმა შეცვალა.
პრეზიდენტის განცხადებას ადასტურებს ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი. მისი თქმით, ავღანეთიდან გამოსვლასთან დაკავშირებით ნაჩქარევი ნაბიჯები აშშ-ს მხრიდან გადადგმული არ იქნება. „ჩვენ ავღანელ ხალხთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პირობა დავდეთ. ეს თანამშრომლობა 2014 წლის მიღმაც გაგრძელდება და ავღანეთი აღარასოდეს იქნება ტერორისტების თავშესაფარი, რომლებიც ჩვენ დაგვესხმებიან თავს. ავღანელ ხალხს კი უკეთესი მომავლის და სტაბილური რეგიონის აშენების შესაძლებლობა მიეცემა“ – აცხადებს რასმუსენი. ISAF–ის მისიის მეთაური, ამერიკის საზღვაო ქვეითების გენერალი, ჯონ ალენი აცხადებს, რომ არავის უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ თალიბანთან ბრძოლა მალე დამთავრდება. ამას კი ამერიკის მხრიდან აქტიური დახმარება დასჭირდება. ჯონ ალენი აცხადებდა, რომ „ჩვენი ხედვით ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები წამყვან როლს 2013 წელს გადაიბარებენ. ისინი კონტრ–მეამბოხური საქმიანობით დაკავდებიან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკელები ავღანეთში საბრძოლო ოპერაციებს შეწყვეტენ.“
ამერიკა და ნატო თანხმდებიან იმაზე, რომ აისაფის მისიის მიზანი არ არის ბოლომდე უსაფრთხო და განვითარებული ავღანეთის დატოვება. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. ამისთვის, კი საერთშორისო თანამეგობრობის გრძელვადიანი დახმარება აუცილებელი იქნება. დახმარებაში არ იგულისხმება მხოლოდ სამხედრო ჩარევა. თანამშრომლობამდე კი ისინი მოუწოდებენ წევრ და არაწევრ ქვეყნებს გაითვალისწინონ არსებული პოლიტიკური რეალობა. სამომავლო სურვილები, მიზნები და საგარეო პოლიტიკა კი ამ რეალობიდან გამომდინარე განსაზღვრონ.
წყარო: cnn.com
თემაზე მუშაობდნენ:
გიორგი მიქანაძე
ნათია კეკენაძე