საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტისთვის ცნობილი გახდა და ავრცელებს ინფორმაციას, რომ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ანთიძის ნებართვის საფუძველზე დღეს დილიდან საყდრისის-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე გერმანულ-ქართულ ექსპედიციას უკვე აქვს უფლება, მოინახულოს არქეოლოგიური ობიექტი. ექსპედიციის წევრები მოითხოვენ, მიეცეთ მათ საშუალება დააზუსტონ, თუ რა სახის ზიანი მიადგა ძეგლს RMG გოლდის თვითნებურად ჩატარებული უკანონო სამუშაოების შედეგად. საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროში არქეოლოგი, პროფესორი ირინა ღამბაშიძე და გერმანელი პროფესორი, თომას შტოლნერი იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ წელიწადნახევრის შემდეგ საყდრისის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება პირველად მიეცა არქეოლოგებს. საყდრისის კომიტეტის წევრებს უკვე ესაუბრა ირინა ღამბაშიძე და დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საყდრისზე არსებულ მდგომარეობის შესახებ. როგორც საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი გვატყობინებს, დეტალებს აღნიშნულ სასიკეთო სიახლესთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში მიაწვდის საზოგადოებას. საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის მხრიდან, აღნიშნულ საკითხზე, ინფორმაციის მოწოდების თანავე The Tbilisi Times დაუყოვნებლივ მოგაწვდით დამატებით დეტალებს.
17.09.14