ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთო კახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონება დაყადაღებულია. ამასთან კახიძე განმარტავს, რომ სასამართლოს განჩინებაში, დაყადაღების საჭიროების კუთხით არანაირი არგუმენტი არ არის მოყვანილი. მიღებულ გადაწყვეტილებას ადვოკატი არაკანონიერს უწოდებს.
კახიძის თქმით, ადგილი აქვს სააკაშვილის ოჯახის მიმართ შურისძიებას, რომელიცბიძინა ივანისვილის მიერ არის დაკვეთილი.
“არანაირი დასაბუთება სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყადაღის დადების შესახებ არ გვხვდება. ფიზიკურად არ ვიცით, თუ რა მიზნით, რა საფუძვლით, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მოხდა ქონების დაყადაღება. მიხეილ სააკაშვილს ბრალი ედება ქონების გაფლანგვაში და არა მითვისებაში და არავითარი კავშირი დაყადაღებასა და დანაშაულს შორის ფიზიკურად არ არსებობს. ამიტომ ეს ძალიან სახიფათო პრეცენდენტია, ვინაიდან ნებისმიერი ბრალდებულის შემთხვევაში გამოდის, რომ მართლმსაჯულებას შეუძლია დააყადაღოს, როგორც ბრალდებულის, ისე მისი ოჯახის ყველა წევრის ქონება, ისე რომ არავითარი კავშირი არ დაადგინოს დაყადაღებასა და ბრალდებას შორის.
გამოძიების გადაწყვეტილება არანაირ შემთხვევაში არ არის გასაგები, რადგან იმ შემთხევაში აქვთ დაყადაღების უფლება, როცა ეს ქონება არის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ან ამ ქონების მიმართ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაული და შემდგომ უნდა მოხდეს ყადაღის დადების გადაწყვეტილების მიღება.
რაც შეეხება ქონების ჩამონათვალს, ეს რაღაც ფორმით ღიმილის მომგვრელიც არის, ვინაიდან, გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიწის ნაკვეთი ყვარელში არის დაყადაღებული, თუმცა აქაც ცალსახად კანონი დარღვეულია, მაგრამ რა უნდოდათ ბებიის საკუთრებაში ოზურგეთში არსებულ ხუთასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთთან სოფელ ნატანებში, რატომ დააყადაღეს, ან ათი წლის ტოიოტა რაფ 4, რომლითაც სარგებლობს მიხეილ სააკაშვილის დედა და ბებიის საკუთრებაშია, ეს რატომ დააყადაღეს, ან სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა ბარნოვის ქუჩაზე, რა საფუძვლით? როდესაც სასამართლოს განჩინებაში არგუმენტები არ იკითხება, ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა, რომ ადგილი აქვს პრიმიტიულ შურისძიებას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ ივანისშვილის პოლიტიკური დაკვეთით”,-განაცხადა კახიძემ.
19.09.14