1404228082_aპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა პირველი ნორმატიული აქტი გამოსცა, რომელშიც ის 47 ქვეყანაა დასახელებული , სადაც პერსონალური მონაცემების გადაცემა უსაფრთხოა. ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ინსპექტორმა სიის შედგენის დროს სხვადასხვა კრიტერიუმით იხელმძღვანელმა, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის გარანტიები შეაფასა და ქვეყნებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს საქმიანობა შეისწავლა.

“თეთრი სია” ევროპის საბჭოში შემავალ სახელმწიფოთა უმრავლესობას მოიცავს, ასევე ახალ ზელანდიას, ავსტრალიას, კანადას, მოლდოვას და უკრაინას.

2014 წლის 16 სექტემბრიდან დასახელებულ ქვეყნებში პერსონალური მონაცემების გადაცემა აღარ საჭიროებს ინსპექტორის ნებართვას.

დოკუმენტი განკუთვნილია საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობა გულისხმობს სხვა ქვეყნებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემას.

გამოქვეყნებული სიის მიღმა დარჩენილ ქვეყნებში პერსონალურ მონაცემთა გადაცემისთვის კვლავ აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნებართვა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონდე ქვეყნების ნუსხაა: 1.ავსტრალიის თანამეგობრობა; 2.ავსტრიის რესპუბლიკა; 3.ალბანეთის რესპუბლიკა; 4.ანდორის სამთავრო; 5.არგენტინის რესპუბლიკა; 6.ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკა; 7.ახალი ზელანდია; 8.ბელგიის სამეფო; 9.ბოსნია და ჰერცოგოვინა; 10.ბულგარეთის რესპუბლიკა; 11. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; 12.გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 13. დანიის სამეფო; 14.ესპანეთის სამეფო; 15.ესტონეთის რესპუბლიკა; 16. ირლანდია; 17.ისლანდიის რესპუბლიკა; 18.ისრაელის სახელმწიფო; 19.იტალიის რესპუბლიკა; 20.კანადა; 21.კვიპროსის რესპუბლიკა; 22.ლატვიის რესპუბლიკა; 23.ლიტვის რესპუბლიკა; 24.ლიხტენშტეინის სამთავრო; 25.ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო; 26.მალტის რესპუბლიკა; 27.მოლდოვას რესპუბლიკა; 28.მონაკოს სამთავრო; 29.მონტენეგროს რესპუბლიკა; 30.ნიდერლანდების სამეფო; 31. ნორვეგიის სამეფო; 32.პოლონეთის რესპუბლიკა; 33.პორტუგალიის რესპუბლიკა; 34.რუმინეთი; 35.საბერძნეთის რესპუბლიკა; 36.საფრანგეთის რესპუბლიკა; 37.სერბეთის რესპუბლიკა; 38.სლოვაკეთის რესპუბლიკა; 39.სლოვენიის რესპუბლიკა; 40. უკრაინა; 41. უნგრეთი; 42. ფინეთის რესპუბლიკა; 43.შვედეთის სამეფო; 44. შვეიცარიის კონფედერაცია; 45. ჩეხეთის რესპუბლიკა; 46. ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია; 47. ხორვატიის რესპუბლიკა.

22.09.14

(Visited 152 times, 1 visits today)

კომენტარები