სტოკჰოლმში დღეს “ევროპული ენების” დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საელჩოს ძალისხმევით , ქართული ენა პირველად იქნება წარმოდგენილი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შვედეთში საქართველოს საელჩო სტოკჰოლმის სკოლების მოსწავლეებისათვის პრეზენტაციას გამართავს, ქართული ენის შესახებ.
ღონისძიების ორგანიზატორია შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობა, რომელიც “ევროპული ენების” დღის ფარგლებში ატარებს ონლაინ კონკურსს შვედეთის სკოლების მოსწავლეებისათვის (მე-7 კლასიდან ზევით) სხვადასხვა ენების, მათ შორის ქართული ენის ცოდნის გამოსავლენად.
აღსანიშნავია, რომ 26 სექტემბერს “ევროპული ენების” დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვილნიუსშიც გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ. ქართული კუთხე დამთვალიერებლებს სთავაზობდა ინფორმაციას ქართული ენის შესახებ, აგრეთვე საქართველოს საელჩომ წარმოადგინა სხვადასხვა მასალები საქართველოს კულტურის, ტურიზმის და ლიტერატურის შესახებ.
ენების ევროპული დღე 2001 წელს დაწესდა ევროპის საბჭოს მიერ, რათა აღენიშნა ევროპის კულტურული მრავალფეროვნება და მრავალენოვნება. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება 26 სექტემბერს. მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები რვაასი მილიონი ადამიანის წახალისება – ისწავლონ უფრო მეტი ენა.
30.09.14