საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ბევრ ჩვენთაგანს უწევს. გადავსებული ავტობუსები, პიკის საათებში შექმნილი საცობები და მოშლილი ინფრასტრუქტურა დისკომფორტს უქმნის მგზავრებს. ასევე ხშირი კონფლიქტური სიტუაციები მგზავრსა და მძღოლს, მგზავრსა და კონტროლიორს შორის. ჩვენ დავინტერესდით, თუ რას აკეთებს თბილისის სატრანსპორტო კომპანა აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად, დაგეგმილია თუ არა მეტრო სადგურების განახლება და გაამარტივებს თუ არა პუშკინის ქუჩაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობა ავტობუსებით გადატვირთულ მოძრაობას. ამ და სხვა კითხვებზე „თბილისი თაიმს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნუცა ხიდირბეგიშვილმა უპასუხა.
რამდენიმე თვის წინ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მგზავრმა მოკლა ყვითელი ავტობუსის მძღოლი, რამდენად არის დაცული მძღოლების უფლებები?
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას მისი უკლებლივ ყველა თანამშრომლის უფლებები, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოება. ამ მიმართულებით კომპანიაში განხორციელდა რამოდენიმე პროექტი:
ავტობუსებში სალარო აპარატების დამონტაჟებითა და გაბილეთიანების კონტროლის არსებული სისტემის შემოღებით, მძღოლებს შესაძლებლობა მიეცათ კონცენტრაცია მოახდინონ მხოლოდ მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებაზე. აღნიშნულმა ინიციატივებმა მაქსიმალურად შეამცირა მძღოლისა და მგზავრების კონტაქტი და შესაბამისად შემცირდა კონფლიქტური სიტუაციების რაოდენობა;
გარდა ამისა, მონიტორინგის სისტემის რებრენდინგის ფარგლებში ავტობუსებში მოხდა კონდუქტორების ჩასმა, რომლებიც ერთის მხრივ ეხმარებიან მძღოლებს კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვაში, ასევე მათ შეუძლიათ ოპერატიულად გამოიძახონ მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელები, რომლებიც გადანაწილებულები არიან მარშრუტების მიხედვით.
მიუხედავად ამ ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, მაინც ხდება მძღოლებზე და კონტროლიორებზე მოქალაქეების მხრიდან ფიზუკური და სიტყვიერი შეურაცყოფის მიყენების ფაქტები. უცილებელია თითოეულ ასეთ შემთხვევაზე მოხდეს სათანადო რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და დამნაშავე დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით.
გარდა აღნიშნული ღონისძიებებისა, სატრანსპორტო კომპანია აქტიურად მუშაობს მძღოლების პროფკავშირებთან (საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიულ კავშირი“ და „ქ. თბილისის სამგზავრო ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიულ კავშირი“), რომ სამომავლოდ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მსგავსი ფაქტები.
თუ შეიძლება მონიტორინგის სამსახურზეც მოგვიყევით, მგზავრების მხრიდან ხშირია აგრესია კონტროლიორების მისამართითაც, რა უფლება-მოვალეობები აქვთ კონტროლიორებს?
2009 წლიდან ავტობუსებში ახალი მგზავრობის გადახდის სისტემის დანერგვის პარალელურად, შეიქმნა მგზავრთა მონიტორინგის სამსახური, რომლეთა ფუნქციაა კონტროლის დამყარება მგზავრთა გაბილეთიანების კუთხით. ვინაიდან ქალაქის საავტობუსო მეურნეობის შეუფერხებელი ფუნქციონირება, მხოლოდ მომსახურებისათვის დადგენილი ღირებულების ამოღების გზით, გაწეული დანახარჯების დაფარვის პირობებშია შესაძლებელი.
საქალაქო ავტობუსებში მგზავრთა გაბილეთიანების პროცესზე კონტროლს ახორციელებენ კომპანიის მგზავრთა მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები და კონდუქტორები, რომლებსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უბილეთო მგზავრებისათვის საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება.
კონტროლიორების მიმართ საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით, კომპანიაში დიდი ყურადღება ექცეოდა კონტროლიორის სასურველი იმიჯის ჩამოყალიბების ღონისძიებების გატარებას. რისთვისაც განხორციელდა მონიტორინგის სამსახურის რებრენდინგი, რაც თავის მხრივ მოიცავდა:
- კონტროლიორების საქმიანობაზე პერმანენტული დაკვირვების უზრუნველსაყოფად და კონფლიქტური სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, ოპერატიული დახმარების აღმოჩენის მიზნით, კონტროლიორების ჯგუფის უფროსებისათვის შეძენილი იქნა 7 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა, საიდანაც 3 ავტომანქანა მუდმივად ხაზზეა და მოძრაობს თავის სექტორში.
- კონტროლიორების მუშაობაზე ფარული დაკვირვების და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შემდგომი ტრეინინგის ჩატარების მიზნით, წელიწადში 2-ჯერ ხდება კონტროლიორებზე დაკვირვება ე.წ. “იდუმალი მგზავრის” საშუალებით, რომლის დროსაც წიანსწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით „მგზავრი“ აკვირდება კონტროლიორების ქცევას სხვადასხვა სიტუაციებში. აღნიშნული დაკვირვების შედეგების ანალიზის მიხედვით ყოველწლიურად კონტროლიორებს უტარდებათ ტრეინინგები, რომელთა მიზანს წარმოადგენდა მგზავრებთან კომუნიკაციის უნარების განვითარება, პროფესიული უნარების გაღრმავება, კონფლიქტური სიტუაციების მართვა და ა.შ
- 2012 წლიდან დაიწყო კონტროლიორების კონდუქტორებით ჩანაცვლების პროცესი, რომლის ფარგლებშიც მოხდა მარშრუტების ავტობუსებზე მთელი ცვლის განმავლობაში კონტროლიორების მიმაგრება, აღნიშნულმა პროექტმა დადებითი შედეგი გამოიღო, როგორც მგზავრების თვითშეგნების ამაღლებისა და გაბილეთიანების კუთხით, ასევე მნიშვნელოვნად იკლო კონფლიქტურმა სიტუაციებმა.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იკლო კონფლიქტურმა სიტუაციებმა მგზავრებსა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს შორის. კომპანია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივების დანერგვას. თავის მხრივ მოვუწოდებთ მგზავრებს, რომ ავტობუსში ასვლისთანავე შეიძინონ ბილეთები, ვინაიდან კონფლიქტური სიტუაციები წარმოიქმნება მხოლოდ უბილეთო მგზავრის გამოვლენის შემთხვევაში.
ამასთანავე, თუ მგზავრი ჩათვლის, რომ მას არასათანადოდ მოექცნენ, ან მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა გადაამეტეს თავიანთ უფლება-მოვალეობას, შეუძლიათ შემოიტანონ საჩივარი კომპანიაში (ვაგზლის მოედნის #2), ან დარეკონ ცხელ ხაზზე 2934444. თითოეულ ასეთ შემთხვევას შეისწავლის კომპანიის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახური.
პიკის საატებში ტრანსპორტი ძალიან გადატვირთულია, მგზავრები გადავსებული ავტობუსებით მგზავრობისას დისკომფორტს უჩივიან, რა გზებს მიმართავს სატრანსპორტო კომპანია პრობლემის გადასაჭრელად?
თბილისის სამარშრუტო სქემასა და ინტერვალებს ადგენს ქ. თბილსის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური.
როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განაცხადეს, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა იგეგმება, რის შედეგადაც აღდგება ორმხრივი მოძრაობა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია როგორ აფასებს ამ სიახლეს, გაამარტივებს თუ არა ყოველივე ეს ტრანსპორტის მოძრაობას?
ამ მიმართულებით ყოველდღიურად დაახლოებით 21 სხვადასხვა მარშრუტი (98 ავტობუსი) მოძრაობს, მათ შორის დიდი ბოგდანის ავტობუსებიც. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ტრანსპორტის მოძრაობას, კერძოდ ცალმხრივი გზის გამო, ავტობუსებს უწევდათ შემოვლითი გზების გამოყენება, რომლებიც გამოირჩევიან დაბალ გამტარუნარიანობით (განსაკუთრებით დიდი ბოგდანებისთვის), რაც იწვევდა საცობებს და შესაბამისად ინტერვალების ზრდას.
ქალაქში მეტრო ყველაზე სწრაფ გადაადგილების საშუალებად ითვლება, ხომ არ იგეგმება რომელიმე სადგურის განახლება? როდისთვის იგეგმება სამუშაოების აღდგენა დაკონსერვებულ მეტრო სადგურზე, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან უნდა აშენდეს?
26 სექტემბერს ტრასპორტის საქალაქო სამსახურისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელების შეხვედრაზე თბილისის მერთან ერთერთ საკითხად განხილული იყო მეტროს სადგურების განახლება. უახლოეს მომავალში იგეგმება რამდენიმე სადგურის განახლება, რომელსაც აფინანსებს და ახორციელებს თბილისის მერია. რაც შეეხება ახალ სადგურს (უნივერსიტეტს), პროექტს ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
03.10.14
ნინა პირტახია