ახალგაზრდების მონაწილეობით და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით კიდევ ერთი კრეატიული პროექტი იწყება. რა არის მწვანე ვაშლი? – ამ კითხვას ახალგაზრდების ჯგუფი ხან ვიდეო-კამერით, ხან ქალაქში გავრცელებული პოსტერებითა და ფლაერებით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში აქტიურად უსვამდა მოქალაქეებს…
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია შეიქმნას ახალგაზრდული პლატფორმა, ახალგაზრდული სადისკურსიო სივრცე და, ამავდროულად, ავტორიტეტული, ობიექტური იმიჯის მქონე ბრენდი – ,,მწვანე ვაშლი’’, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განვითარების, დამატებითი ინფორმაციის მიღების, მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ადამიანების გამოცდილების გაზიარების საშუალებას.
7 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პროექტ მწვანე ვაშლის ფარგლებში გაიმართება ახალგაზრდების შეხვედრა ლევან ყიფიანთან. შეხვედრის თემაა სპორტისა და ახალგაზრდობის სფერო: ბოლო პერიოდში განხორციელებული პროგრამები და პროექტები, ბენეფიციარები, პრობლემები და გამოწვევები;
მინისტრთან შეხვედრას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 30-მდე სტუდენტი დაესწრება. ისინი მათთვის აქტუალურ თემებზე გაამახვილებენ ყურადღებას, სტუმარს ახალგაზრდების მიერ მომზადებულ საინფორმაციო სიუჟეტსაც უჩვენებენ, სადაც ქუჩის გამოკითხვები და სხვადასხვა თემატური საკითხები იქნება წამოჭრილი. ღონისძიება არაოფიციალურ გარემოში და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.
სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში დაიგეგმება საინტერესო შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან, მათ შორის იქნებიან პოლიტიკოსები, სპორტსმენები, კულტურისა და განათლების, ეკონომიკის, სოციალური თუ სხვა სფეროსა და მიმართულებების წარმომადგენლები. ახალგაზრდები არაფორმალურ, მყუდრო გარემოში მოაწყობენ შეხვედრებს, ხოლო შეხვედრების ამსახველ მასალებს განათავსებენ სოციალურ ქსელებსა და საიტზე, ბლოგებისა და ვიდეო-მასალების სახით.
07.10.14