2012-2013 წლების ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად გარდაცვალებათა რიცხვის შემცირება დაფიქსირდა , – ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძემ დეპუტატებს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიაწოდა.
მისი განმარტებით, შემცირებულია გარდაცვალების შემთხვევები ერთ წლამდე ასაკის ბავშვებშიც, “რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებული პრობლემა იყო”.
“საგრძნობლად შემცირდა აბორტების რიცხვი, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იყო მზარდი. ბოლო წლების განმავლობაში პირველად დაფიქსირდა შობადობის გაზრდა და შესაბამისად გაიზარდა ბუნებრივი მატების კოეფიციენტი. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის შედეგი. ვიტყვი იმას, რომ ჩვენ შევძელით შეუძლებელი. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი და ამ პოლიტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტები”, – განაცხადა ხუნდაძემ.
დეპუტატის განმარტებით, მინიმუმამდეა დაყვანილი სააფთიაქო ნარკომანია, რომელიც ბოლო პერიოდში ყვაოდა.
“ეს სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისთვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე”, – აღნიშნა ხუნდაძემ.
15.10.14