პოლონეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ალექსი პეტრიაშვილთან გამართული შეხვედრების დროს დაადასტურეს ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. სახელმწიფო მინისტრმა პოლონეთში, ქ. ვარშავაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალთან ელჟბიეტა რაძიშევსკასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰენრიკა მოშჩიცკა-დენდისთან და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელთან სტანისლავ კოჟეისთან გამართა. პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოლონეთი უახლოეს პერიოდში მოახდენს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებს ამ პროცესის დაჩქარებისკენ.
სახელმწიფო მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე ისაუბრა. ალექსი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან ამ ქვეყნების მხარდაჭერის, კერძოდ, რიგის სამიტზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მნიშნელობას.
თავის მხრივ, პოლონური მხარის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა. პოლონური მხარის მიერ შეხვედრებზე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი და გამოითქვა სრული მზაობა სახელმწიფო ინსტიტუტების სრულყოფის პროცესში პოლონეთის მხრიდან ხელშეწყობისა და გამოცდილების გაზიარების თაობაზე.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის განზრახვაზე მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონის-აფხაზეთის ანექსია და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ მომზადებულ პროექტზე „აფხაზეთთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ თაობაზე და პოლონეთის ხელისუფლებას რუსეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდა.
პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოლონეთი იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი.
შეხვედრებზე საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათი დროული აღსრულების მნიშვნელობას. პოლონური მხარის მიერ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი უსაფრთხოების საერთაშორისო ოპერაციებში.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს აღმოსავლეთის სწავლებათა ცენტრში პოლონელმა ექსპერტებმაც უმასპინძლეს. შეხვედრაზე საქართველოს ევროპული პერსპექტივები და ქვეყნის წინაშე არსებული საგარეო საფრთხეები და გამოწვევები განიხილეს.
17.10.14