პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზებს და ოსებს მიმართავს და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომიას სთავაზობს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა განცხადება 2-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
„კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ყველას, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს – კიდევ ერთხელ კარგად გააანალიზეთ და დაფიქრდით, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ტერიტორია.
თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს, რომ გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი, დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად. ეს არის ჩემი კიდევ ერთი ძმური და მეგობრული შემოთავაზება“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ძალიან რთულია, როცა სხვის ტერიტორიაზე მოინდომებ ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას და ეს არ მოხდება. მისივე თქმით, ესაა მიუღწეველი, უტოპიური გეგმა.
„მინდა კიდევ ერთხელ შევეხმიანო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ჩვენ ერთი მიწის შვილები ვართ. ეს არის ჩვენი ტერიტორია, ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო. ჩვენ ერთი ტკივილი გვაერთიანებს და ერთად უნდა გავაგრძელოთ გზა მომავლისკენ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო აფხაზური ენის დღე ჩვენს აფხაზ ძმებს, რომელსაც ისინი დღეს, 27 ოქტომბერს აღნიშნავენ. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ჩვენთან ერთად, ევროპული პერსპექტივის მქონე საქართველოსთან ერთად შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები საკუთარი ენის, კულტურის შენარჩუნებას.
მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო ჩვენი ხედვა, ჩვენ როგორ ვუყურებთ , ჩვენ მართლაც გვსურს, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში. მინდა, მათ კიდევ ერთხელ კარგად გააცნობიერონ, იფიქრონ მათ შვილებზე, მათ მომავალ თაობაზე , როგორ ხედავენ ისინი პერსპექტივას, როგორ წარმოუდგენიათ მათ საქართველოს გარეშე ცხოვრება, განვითარება, წინსვლა.
ძალიან რთულია, როცა სხვის ტერიტორიაზე მოინდომებ ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, არ მოხდება ეს , მეგობრებო. ეს არის მიუღწეველი, უტოპიური გეგმა. რომელსაც ჩვენ, არც ჩვენი თაობა, არც მომავალი თაობა არასდროს შევეგუებით. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ძირძველი მიწა-წყალი, ჩვენი ტერიტორია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლით შემოგვინახეს დღემდე.
თქვენ ვერ იქნებით ბედნიერი ჩვენს გარეშე და ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი თქვენს გარეშე. ჩვენ მართლა გვსურს, რომ აღდგეს ნდობა ჩვენს შორის. ჩვენ ძლიან მძიმე წარსული გადავიტანეთ ყველამ ერთად. იყო ძალიან მძიმე შეცდომები, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, ჩვენ გთავაზობთ, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში. მჯერა, რომ თქვენ, შეიძლება, გაქვთ ჯერ კიდევ ნდობის პრობლემა, მაგრამ შეხედეთ ჩვენს პოლიტიკას, შეხედეთ ჩვენს მიდგომას, რიტორიკას და საქმეს. ჩვენ, საქართველოს რეალურად გვაქვს ძალიან დიდი წინსვლის პერსპექტივა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, განვვითარდეთ თქვენს გარეშე“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.
27.10.14