unnamed (1)თბილისში შედგა პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო თურქეთის დელეგაციას – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (deputy undersecretary) ალი ქემალ აიდინი. პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში საქართველოში სტუმრად მყოფი თურქეთის დელეგაცია მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. შეხვედრებისას კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გრძელდება მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა და აქტიურია როგორც მაღალი დონის, ასევე დარგობრივ უწყებათა ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა. თურქეთის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა  ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბაჟო საკითხთა სფეროში ორ ქვეყანას შორის აქტიური ურთიერთქმედების მნიშვნელობას, მათ შორის, ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით. მხარეების მიერ აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. ხაზგასმით დაფიქსირდა მხარდაჭერა კასპიის ზღვის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისა და ამ თვალსაზრისით ენერგეტიკული პროექტების „TANAP“ და „TAP“ განხორციელებისადმი. საქართველოსა და თურქეთს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის კონტექსტში, მხარეთა მიერ აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის დამაკავშირებელი სახმელეთო საბაჟო-გამშვები პუნქტების შეუფერხებელი ფუნქციონირების მნიშვნელობაზე. კონსულტაციებისას საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები დღის წესრიგში არსებულ საერთაშორისო პრობლემატიკასთან დაკავშირებით. 28.10.14

Please follow and like us: