“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ე.წ. ოდეერების შესახებ მორიგ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც თბილისის მერიის და მთავრობის კანცელარიის თანამშრომლებიც მოხვდნენ.
როგორც ორგანიზაციის კველვაშია აღნიშნული, საბჭოთა კავშირის დროს “ოდეერებს” სხვადასხვა უწყებებში უშიშროების სამინისტრო ნიშნავდა. ეს პრაქტიკა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში შენარჩუნდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდშიც გრძელდება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ამჯერად კიიდევ სამი ე.წ. ოდეერის შესხებ ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ინფორმაციით, “ოდეერია” დანიშნული თბილისის მერიაში. არჩილ ბებიაშვილი თბილისის ახლად არჩეული მერის, დავით ნარმანიას ადმინისტრაციის აპარატში მრჩევლის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს.
არჩილ ბებიაშვილი (დაბადებული 16.06.1959), 2013 და 2014 წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებს. ბებიაშვილი, პარალელურად, 2013 წლის 19 თებერვლიდან 2014 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა. 2002 წლის მონაცემებით, მას ეკონომიკის სამინისტროს წინამორბედ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ამა წლის 25 აგვისტოდან არჩილ ბებიაშვილი მუშაობს თბილისის ახლად არჩეული მერის, დავით ნარმანიას ადმინისტრაციის აპარატში მრჩევლის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად. არჩილ ბებიაშვილის სახელი ფიგურირებდა ასევე 2011 წლის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გიორგი რატიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული შემოწმების საქმეში. კომისიის წარმომადგენლებმა სწორედ არჩილ ბებიაშვილისა და მისი მეუღლის ბინაში შეამოწმეს, რამდენად კანონიერად გადასცემდა შპს “სუპერ ტვ” სამაუწყებლო არხებს საქართველოს ტერიტორიაზე. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს “სუპერ ტვ” მთელ რიგ არხებს არამართლზომიერად გადასცემდა, რის საფუძველზეც მას გაფრთხილება მიეცა. აღსანიშნავია, რომ მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გიორგი რატიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაავრცელა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის მაკომპრომიტირებელი ფარული აუდიო ჩანაწერი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, ე.წ. “ოდეერია” პაატა ჯაჭვაძე, რომელიც 2013 წლის 16 სექტემბრიდან საქართველოს კანცელარიის უფროსის მრჩეველია უშიშროების საკითხებში.
პაატა ჯაჭვაძე (დაბადებული 03.01.1974), 2014 წლის 26 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში ოფიცერთა მთავარი სამმართველოს უფროსია. 2013 წლის 24 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მას იგივე თანამდებობა აქვს მითითებული, იქამდე კი ჯაჭვაძე ჯერ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პაატა ჯაჭვაძე 2013 წლის 16 სექტემბრიდან საქართველოს კანცელარიის უფროსის მრჩეველია უშიშროების საკითხებში.
ე.წ ოდეერებს შორის მოხვდა გიორგი გამსახურდია, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მრჩევლად მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, 2014 წლის თებერვალში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრების უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) სამმართველოს უფროსის მოადგილეა. იქამდე გამსახურდია იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ცოტა ხნის წინაც გამოაქვეყნა ინფორმაცია ე.წ. “ოდეერების” შესახებ. ორგანიზაცია მომავალშიც აპირებს გააგრძელოს თემის კვლევა და საზოგადოების ინფორმირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში საკუთარი წარმომადგენლების, ე.წ. “ოდეერების” შესახებ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ე.წ. ოდეერების შესახებ ინფორმაცია ადრეც გაავრცელა.
03.11.14