სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II ლოცვაკურთხევითა და საგამომცემლო სახლი “ქართული ელიტის” ორგანიზებით 2014 წლის 15-16 ნოემბერს გაიმართება პროექტი – „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია – ივერია“. პროექტის ფარგლებში, ორგანიზატორები და მონაწილეები გაივლიან ილია ჭავჭავაძის იმ გზას, რომელიც მწერალმა ყველასთვის ცნობილ პუბლიცისტურ წერილში „მგზავრის წერილებში“ აღწერა. მსვლელობაში ჩართულები იქნებიან – პოეტები, მხატვრები, ფოტოხელოვანები, ხატმწერები და მოხალისეები. მსვლელობა ლარსიდან მოეწყობა და ღონისძიება ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში დასრულდება.
აღნიშნულ პროექტს ერთი წელი უსრულდება, იგი 2013 წლის 28 ნოემბერს დაიწყო და ორგანიზატორების თქმით, გაგრძელდება. ღონისძიებები ყოველი თვის ბოლოს იმართებოდა და მოიცავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. კონკურსში პოეტებთან ერთად მხატვარები, ფოტოხელოვანები და ხატმწერები იღებენ მონაწილეობას.
„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია – ივერიის“ პროექტი განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში სასულიერო პირები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე ადამიანები და მსჯავდებულები იღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების დეტალებსა და პროექტის სამომავლო გეგმებზე „თბილისი თაიმსს“ საგამომცემლო სახლის „ქართული ელიტის“ დამფუძნებელი, რედაქტორი და პროექტის იდეის ავტორი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი ესაუბრა.
ბატონო ნუგზარ, საიდან გაჩნდა აღნიშნული პროექტის („წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია-ივერია“) იდეა და როგორ გაიხსენებთ პროექტის არსებობის პირველ რამდენიმე თვეს? იყო თუ არა სირთულეები?
იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დაიწყო ილია ჭავჭავაძის გაზეთის „ივერიის“ ხელმეორედ გამოცემა, თუმცა მანამდეც გვქონდა მსგავსი პროექტის განხორციელების სურვილი. სულ ვამბობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს იდეა გაჩნდებოდა თუ არა – მე დავაფუძნებდი ამ კონკურსს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით თუ სხვა შექმნიდა მსგავს პროექტს, ყველა ისეთ პროექტს მივესალმები, რომელიც კეთილგონიერებითა და იმ პრინციპებით იქნება განხორციელებული, რომელიც ზუსტად იმ დროს და იმ ეპოქას სჭირდება.
ილიასეული „ივერია“ ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოცემა გახლავთ. მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით, დასაქმებულია ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ, და რატომ? – ისინი ეტლს არიან მიჯაჭვულნი და არ შეუძლიათ ჩვენ მსგავსად სიარული, მაგრამ შეუძლიათ ისეთი დიდი საქმის გაკეთება, რომელიც უმრავლესობას არ გვძალუძს. და რა არის ეს საქმე? – ისინი ილიასეული „ივერიის“ ტექსტებს ხელახალა იწერენ, არედაქტირებენ და გაზეთიც იბეჭდება. ამ ყველაფრის შემდეგ, საბოლოოდ ჩამოყალიბდა პროექტი და ვინაიდან სხვა სახელის ძიების საჭიროება არ ყოფილა, მას „წმინდა ილია მართლის ( ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია _ `ივერია“ დავარქვით. გაეცნო მისი უწმინდესობა ყოველივე ამას და ძალიან მოეწონა, თან ამ პროცესებს დაემთხვა ის პერიოდიც, როდესაც პატრიარქმა შაბათი წიგნის კითხვის დღედ დალოცა. პროექტის გაცნობის შემდეგ მან თქვა, რომ ეს იქნებოდა წიგნის კითხვის გაგრძელების იდეა.
ჩემთვის პატრიარქის კურთხევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დიდი ენთუზიაზმით შევუდექით საქმეს. სირთულეებს რაც შეეხება, როდესაც რაიმე ელემენტარულს ვაკეთებთ იმასაც კი ახლავს თავისი სირთულეები, ამ შემთხვევაში საორგანიზაციო თვალსაზრისით, რთულია იმ ადამიანების მოძიება, რომლებიც პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა. პირველივე საღამოს, საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში, 350-400 ადამიანმა მოიყარა თავი. საოცარი დღე იყო, მიუხედავად წვალებისა და სირთულეებისა, შემიძლია ვთქვა (მითუმეტეს არც პირველი ვიქნები და არც უკანასკნელი), რომ მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევას უზარმაზარი ძალა აქვს. ამიტომ პირველი დღიდან, დღემდე ყოველგვარი გართულების, გაორებისა და შიშის გარეშე კეთდება მთელი ღონისძიება. უკვე თერთმეტი ღონისძიება განვახორციელეთ და მეთორმეტესთვის ვემზადებით.
როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დაინტერესებული საზოგადოება ამ პროექტით და რამდენადა მნიშვნელოვანია იგი ახალგაზრდებისთვის და ზოგადად, ქართული კულტურის განვითარებისთვის?
ეს პროექტი, ჩემდა გასაკვირად, პირველი დღეებიდანვე ხმაურიანი და რეზონანსული აღმოჩნდა. პირველივე ღონისძიება, გააშუქეს ტელევიზიებმა და ღონისძიების დასრულების შემდეგ, ბევრი ადამიანი მოვიდა ჩემთან იმ მიზნით, რომ გამოეხატათ შემდგომ ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი. გამოვიდა ისე, რომ მეორე ღონისძიებისთვის უკვე მყავდა კონკურსანტები. ჩემთვის აღმოჩენა იყო ის, რომ ხალხი თითქოს ამ პროექტს ელოდა, მაქსიმალურად დაიწყეს ჩვენთან თანამშრომლობა. ჩვენ, პროექტის დასაწყისშივე გავაჟღერეთ, რომ არ ვზღუდავთ ასაკს და ნებისმიერს შეუძლია თავისი ლექსის, ნახატის, ჩანახატის და ა.შ მოტანა. ჩვენ კრებულებს გამოვცემთ, ამ კრებულებში კონკურსანტებთან ერთად დიდი კორიფეების – ილიას, ვაჟას, გალაქტიონის და სხვების ლექსებიც იბეჭდება და როდესაც ისინი, საკუთარ თავს მათ გვერდით ხედავენ, ეს უფრო მეტ მოტივაციას აძლევთ. მახსენდება ერთი ღონისძიება ხობში, სადაც ჩვენდა გასაოცრად დარბაზში მანანა დუმბაძე, ნოდარ დუმბაძის შვილიც იმყოფებოდა. ის გამოვიდა სიტყვით და გვისაყვედურა თუ, რატომ არ მივიწვიეთ ღონისძიებაზე, ჩვენ ძალიან გაგვეხარდა მისი იქ ყოფნა და რა თქმა უნდა, მოვიპატიჟეთ შემდეგ ღონისძიებაზე. ამით, იმის თქმა მინდა, რომ ყველა მიიზიდა პროექტმა. ცნობილ პოეტებთან და მწერლებთან ერთად, ყველას გასაოცრად მეათე ღონისძიებაზე მეუფე გრიგოლმაც წაგვიკითხა თავისი ლექსი და თქვა, რომ იმ დრომდე საჯაროდ არსად წაეკითხა, პროექტმა და გარემომ კი ამის დიდი სურვილი გაუჩინა. ყველა იყო გაოგნებული სამღვდელოება, ჩვენც და იქ მყოფი ხობის მრევლიც. პროექტი კიდევ ერთი მიზეზით არის მნიშვნელოვანი, მან ათობით-ასობით პოეტი, მხატვარი, ფოტოგრაფი თუ ხატმწერი დაახლოვა ერთმანეთს, ისინი დამეგობრდნენ და გაერთიანდნენ. თითოეული ღონისძიება საინტერესოდ და განსაკუთრებულად წარიმართება, რადგან დაინტერესება დიდია და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას, ეს ნამდვილად სჭირდება. იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა უფრო მეტ ადამიანს გავუჩენთ პროექტში მონაწილეობის სურვილს.
როგორც ცნობილია, ამჟამად დაგეგმილია პროექტის რიგით მეთორმეტე ღონისძიება, როგორია მისი დეტალები, რა სახის აქტივობები განხორციელდება მასში და რამდენად არის შესაძლებელი მსურველების ჩართვა მსვლელობაში?
მეთორმეტე მსვლელობის იდეა, ჯერ კიდევ ზაფხულში გაჩნდა, როდესაც საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში ჩავატარეთ ღონისძიება, იქ გავაჟღერეთ დეტალები. იმ წუთებშივე ბევრი დაინტერესდა. ძალიან სასიხარულოა ასეთი რეზონანსი ხალხის მხრიდან, რადგან ერი წავიდა წიგნიერებისა და ქართული სიტყვიერების გზით. რაც შეეეხება დეტალებს, პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით. რიგით მეტორმეტე ღონისძიება ჩატარდება შემდეგი სახით. შეძლებისდაგვარად, თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი გავივლით იმ გზას – რომელიც ილიამ მგზავრის წერილებში აღწერა, მსვლელობა ლარსიდან დაიწყება და ღონისძიება ყვარელში, ილიას სახლმუზეუმში დასრულდება. მსვლელობაში, ჩართულნი იქნებიან ჩვენი მონაწილე პოეტები, მხატვრები, ფოტოხელოვანები, ხატმწერები და მოხალისეები. მსვლელობაში ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასობით ადამიანმა უკვე გამოთქვა სურვილი, შეუძლიათ ეროვნულ ან ევროპულ სამოსსში იყვნენ, ყველაფრის უფლებას ვაძლევთ მათ. მთავარია, რომ ჩვენს დღის განრიგს დაემორჩილონ, განრიგი კი ძალიან მხიარული, ენერგიული და რაც მთავარია პოეტურია. ეს იქნება წელიწადის ბოლო ღონისძიება.
როგორია პროექტის სამომავლო გეგმები, სად მოეწყობა შემდეგი მსვლელობა და ვისთან იქნება იგი დაკავშირებული?
ძალიან საინტერესო და ბევრი გეგმა გვაქვს მომავალში. პირველ რიგში, რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ შემდეგი წლის ღონისძიებები ნოემბრის ბოლო რიცხვებიდან აქტიურად დაიწყება. დეკემბრის თვეში ვგეგმავთ მასშტაბურ დასკვნით შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც გაიმართება ერთ-ერთი თეატრის დარბაზში. საღამოზე გავმცემთ „წმინდა ილია მართლის გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია-ივერიას“, გვყავს 12 ღონისძიებიდან 84 მონაწილე, მათ შორის გამარჯვებულებს თორმეტ ნომინაციაში გამოვავლენთ. გადავცემთ, ძალიან სერიოზულ და ძვირფას ჯილდოებს. გვეყოლება კომპეტენტური ჟიური, რომელთა დასახელება არ შემიძლია, მათ არ იციან, რომელი პოეტის ლექსებს კითხულობენ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ მაქსიმალურად ობიექტურად და გამჭირვალედ ჩატარდეს დაჯილდოება.
რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძესთან იქნება დაკავშირებული და მომავალში აქტიურად ვაპირებთ მათი რეგიონებში ჩატარებასაც. ყველაზე განსაკუთრებული სიახლე ასევე არის ის, რომ წელიწადის ბოლოს გამოვცემთ დაახლოებით რვაას გვერდიან წიგნს, სადაც 84 მონაწილის ბიოგრაფიებთან ერთად საუკეთესო ნაშრომები: ლექსები, მოთხრობები, ნახატები, ფოტოები, ხატწერის ნამუშევრები იქნება დაბეჭდილი. ეს იქნება, ჩემი აზრით, ძალიან დიდი და ლამაზი საჩუქარი ნებისმიერი მკითხველისთვისა და ხელოვნების მოყვარულისთვის, და დაიკავებს იგი საპატიო ადგილს ქართულ ბიბლიოთეკებში.
მთავარი კი ის არის, რომ გვაქვს ჩვენი უწმინდესის კურთხევა, უფალი გვეხმარება და გვიხარია, რომ ასე ზედმიწევნით, შეუჩერებლად დამთავრდა ყველა პროექტი. ეს არის ჩვენი, მონაწილეების, თქვენი და ყველას გამარჯვება, რადგან პროექტი – „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია-ივერია“ – არ არის უბრალოდ პროექტი, ესაა ღონისძიებების რიგი, რომელშიც ყველა გამარჯვებულია. გამარჯვებულია იმიტომ, რომ ისინი პატრიარქის კურთხეულ პროექტში იღებენ მონაწილეობას და გადაეცემათ მისივე ხელმოწერილი მადლობის სიგელი, რომელიც ვფიქრობ, ყველა ჯილდოსა და მედალზე ძვირფასია. ეს არ არის პროექტი კონკურსისთვის ან გამარჯვებისთვის, ეს არის პროექტი – რომელიც არის საქართველოსთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვისა და უბრალოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სჭირდებათ თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაცია.
05.11.14
ნათია კეკენაძე