ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო პრაქტიკის განხილვისა და სხვადასხვა ბიზნეს–სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, გადაწყვეტილება მიიღო – კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აეკრძალათ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკების არაპროფილურ საქამიანობაში ჩართულობა ეროვნული ბანკის მიერ საშუალოვადიან პერსპექტივაში სექტორისთვის რისკიანად ფასდება, მიზეზად კი დასახელდა, მსგავსი პრაქტიკის მიერ გაჩენილი ინტერესთა კონფლიქტი და კონფლიქტის რისკი.
ქართული კომერციული ბანკების, აღნიშნულ აქტივობების ფლობის რეგულირებაზე გასულ წლებში დაიწყო დავა. საბოლოო გადაწყვეტილება, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნორმატიული აქტის სახით გამოსცა, სადაც აღნიშნულ რეგულაციებთან და რეკომენდაციებთან ერთად განმარტებულია, რომ გადაწყვეტილების მიღების დამატებით არგუმენტაციას სწორედ ეკონომიკის რეალურ სექტორში კონკურენციაზე უარყოფითი ზეგავლენის არიდება წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დღეისათვის საქართველოში აღნიშნული საქმიანობის მასშტაბები შედარებით მცირეა. 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისი დროინდელ ლიბერალურ პოლიტიკას დღეს უკვე მკაცრი რეგულაციებით შეიცვალა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა, ასეთ საქმიანობაში ჩართულ ყველა კომერციულ ბანკს 30 დღე მისცა ბანკის არასაფინანსო სფეროდან ეტაპობრივი გამოსვლის დეტალურ სტრატერგიის წარდგენამდე.
იყო თუ არა, ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროება საქართველოში და რა ზეგავლენას მოახდენს რეგულაციები სამომავლოდ საბანკო სექტორის განვითარებაზე – ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ გვასალია ესაუბრა.
რა არის საქართველოს ეროვნული ბანკის ის ძირითადი არგუმენტები,რის გამოც მან კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აუკრძალა, რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება?
ვფიქრობ, სანამ ძირითად მიზეზზე ვისაუბრებდე უმჯობესია კარგად გავმიჯნოთ ის, რომ არაპროფილურ აქტივებში არ შედის სადაზღვევო და სალიზინგო მომსახურება, ისევე როგორც სწრაფი გადახდის აპარატები. რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება პრობლემას არავისთვის არ წარმოადგენს, ხოლო გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი კი არის ის, რომ აღარ არსებობს ლიბერალური პოლიტიკისა და მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობა, პირიქით ეს გადაწყვეტილება და რეგულაცია ბანკების რეპუტაციული რისკების გათვალისწინებით არის მიღებული.
რა მიზეზებით იყო განპირობებული ამ დრომდე საქართველოს ეროვნული ბანკის ლიბერალური დამოკიდებულება ბანკების არაპროფილურ საქმიანობაში ჩართვის მიმართ?
საქართველოს ეროვნული ბანკის, ლიბერალური დამოკიდებულება ბანკების მხირიდან არაპროფილურ საქმიანობაში ჩართვის მიმართ ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი იყო იმ გეგმისა, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის დასაძლევად იყო შექმნილი. კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით, შემუშავდა სხვადასხვა რეგულაცია ბანკების არაპროფილური საქმიანობის შერბილებასთან დაკავშირებით. ამის ძირითადი მიზეზი 2008 წლის ომი იყო, რომელმაც ფაქტობრივად, ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. ბანკებში ჩარჩენილი იყო უძრავი ქონება, რომლის გამოსყიდვაც ვერ მოხდა და შესაბამისად ვერც გაიყიდა. ლიბერალური პოლიტიკა, რომ არ განხორციელებულიყო, ფაქტობრივად, სამშენებლო ბიზნესი მთლიანად გაჩერდებოდა. სამშენებლო ფირმების ეს მავნე პოლიტიკა უნდა შეჩერდეს. მათ, უბრალოდ იმედი ჰქონდათ, ბანკებისა და სესხის გამოტანის. ისინი საკუთარი სახსრებით საძირკველს ჩაყრიდნენ და შემდგომ ბანკების იმედად რჩებოდნენ, ეს რა თქმა უნდა ცუდი მიდგომაა. პირიქით ისინი უნდა ცდილობდნენ, რომ მოახდინონ კაპიტალიზაცია, უცხო ინვესტორები მოძებნონ და მხოლოდ საბანკო სესხებზე არ იყვნენ გადართულნი.
როგორია დღესდღეობით საქართველოში აღნიშნული საქმიანობის მასშტაბები?
არაპროფილური საქმიანობების მასშტაბები ძალიან მცირეა საქართველოში. შეზღუდვები თუნდაც ძველ ნორმატივებზე რომ დავიდეს, იგი პრობლემას მაინც არ წარმოადგენს, რადგან საბანკო სექტორის არაპროფილური აქტივები ამ ნორმატივებს ისედაც არ სცილდებოდა. იმაზეც კი საუბრობდნენ, რომ სამშენებლო ინდუსტრიაში მონოპოლია არსებობდა. სამწუხაროა, რომ ციფრებს არავინ უყურებს რადგან არაპროფილური აქტივების წილი ბანკების აქტივებთან მიმართებით მხოლოდ 3%-ს წარმოადგენს, რაც ძალიან ცოტა არის და შეუძლებელს ხდის ერთი, რომელიმე კომპანიის სიძლიერეს. ამ რეგულაციის მიღების შემდეგ, კი უბრალოდ ეს აქტივები ჩამოსცილდება ბიზნეს სექტორს. მათი დიდი ნაწილი ბანკებს გარეთ დარჩება, მაგრამ ისევ იმავე ბანკების ჰოლდინგებში იქნება. მახსოვს წარსულში “მ2“ – ზე კეთდებოდა ძირითადად აქცენტი. კომპანიაზე, რომელსაც დეველოპერულ ბაზარზე მხოლოდ 3% უკავია. ვერანაირად ვერ იქნება ის მონოპოლისტი. სხვადასხვა კომპანია ადანაშაულებდა ბანკებს, ძირითადად „საქართველოს ბანკზე“ იყო საუბარი, რომ ისინი სამშენებლო სესხებს არ გასცემდნენ, იმ მიზეზით, რომ თავად ჰქონდათ ეს ბიზნესი. დადანაშაულებები სხვა საკითხებსაც ეხებოდა, რაც იწვევდა საბოლოოდ იმას, რომ რეპუტაცია ერყეოდათ ბანკებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორია საქართველოს ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ, „ლიბერთი ბანკზეც“, რომლის არაპროფილური აქტივებეც წარმოიდგინეთ მთლიანი ბანკის მხოლოდ 0,1%-ს შეადგენს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ თემასთან დაკავშირებით ქავეყნების მიხედვით განსხვავებული მიდგომებია, რა სტანდარტებია ამ მხრივ ევროპის ქვეყნებში?
დიახ, ნამდვილად არის ის ტენდენცია რომ თუნდაც ევროპის ქვეყნები ამ საკითხს სხვადასხვა თვალით უყურებს. ზოგ მათგანს გამკაცრებული აქვს არაპროფილური საქმიანობა, თუმცა მაინც ნებადართულია. ყველა მათგანს ინდივიდუალური და დამოუკიდებელი რეგულაციები გააჩნია. თუმცა რაიმე სახის რეკომენდაცია ან სტანდარტი, რომ აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ან არ აიკრძალოს არაპროფილური აქტივები არ არსებობს.
როგორ ფიქრობთ, სებ-ის ეს გადაწყვეტილება მოახდენს თუ არა უარყოფით ზეგავლენას ბანკების განვითარებაზე?
როგორც აღვნიშნე, ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მითუმეტეს მათ განვითარებაზე, რადგან არაპროფილური აქტივების რაოდენობა მიზერულია. პირიქით, ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა იმდენად, რამდენადაც იგი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას გამოიწვევს. ეს რეგულაცია უფრო სამომავლო და პრევენციულია, ვიდრე დღევანდელი სიტუაციის დასარეგულირებელი, რადგან კიდევ ვიმეორებ ამ მხრივ, ჩვენ პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. გადაწყვეტილება ბანკების რეპუტაციული რისკების გათვალისწინებითაა მიღებული. როგორც ვთქვი, არ არის შესაშფოთებელი ეს კანონი, რადგან პირიქით უკვე არსებული ლიბერალური პოლიტიკის ფარგლებში უფრო ბევრ კითხვას სვამდნენ და რეპუტაციას ულახავდნენ ბანკებს, რაც მათი რეპუტაციის დაცემის რისკს ზრდიდა.
თქვენი აზრით, რამდენად მტკინვეული იქნება ბანკებისთვის არასაფინანსო სფეროდან ეტაპობრივი გამოსვლა და ეს ყოველივე იქონიებს თუ არა ზეგავლენას მომხარებელზე?
მომხარებელზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს, მითუმეტეს, რომ თავად ბანკებისთვის არ იქნება ეს პროცესი მტკინვეული. ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ ტრადიციული საფინანსო მომსახურების მიწოდების სფეროთი, რაც მათთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია. შესაბამისად ახალი რეგულაცია საბანკო სექტორზე უარყოფითად არ აისახება, მითუმეტეს. რომ რეპუტაციული რისკების შემცირებით მომხარებელს უფრო მეტი სანდოობა ექნება. რაც შეეხება სამშენებლო კომპანიებს ისინი, დღესდღეობით, ისედაც კარგ მდგომარეობაში არიან იმ თვალსაზრისით, რომ არა მარტო ქვეყნის დედაქალაქში, არამედ რეგიონებშიც არ არის სამშენებლო სამუშაოები გაჩერებული და შეფერხებული.
05.11.14
ნათია კეკენაძე