რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა. 

მთავრობის განკარგულება კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ 7 მაისით თარიღდება.

დოკუმენტის თანახმად, სალიკვიდაციო კომისიას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, ხოლო კომისიის წევრები იქნებიან – ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და კვლევითი ცენტრის დირექტორი.

დოკუმენტით ასევე ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 25 ივლისის განკარგულება არასამეწარმეო იურიდიული პირის – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შექმნის შესახებ.

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ განმარტებები გააკეთა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, კვლევითი ცენტრი კერძო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენდა, შესაბამისად, ცენტრის ქონების დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის გადასაცემად იურიდიული სტატუსის შეცვლა გახდა საჭირო.

09.05.13

გაზიარება