საქართველოსა და შვედეთის სამეფოს თავდაცვის უწყებებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ნარდაიამ და შვედმა კოლეგამ, პოლკოვნიკმა პეტერ ფრედრიკსონმა მოაწერეს.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ორმხრივი კონსულტაციებიც გამართეს. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა ნატოს უელსის სამიტის შედეგებისა და შვედეთთან ერთად, გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ქვეყნების ჯგუფში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობა.
შეხვედრაზე მომავალი წლის თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრა. 2015 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის მიხედვით, უწყებებს შორის ურთიერთობა ახალ სფეროებსაც მოიცავს, მათ შორის: შიდა აუდიტი, პროტოკოლი, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვა.
მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ შვედეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა სწრაფი ტემპით ვითარდება და იმედი გამოთქვეს, რომ არსებული ურთიერთობა წარმატებით გაგრძელდება. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენ წვრთნისა და განათლების სხვადასხვა პროგრამაში. შვედეთის სამეფოს სამხედრო ექსპერტები აქტიურად არიან ჩართული „საქართველო IV“-ის პროექტში. მათი მხარდაჭერით საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური წვრთნა გაიარეს.
13.11.14