ქორწილი ქალბატონებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. ამ დღის მთავარი ატრიბუტი კი საქორწილო კაბაა, რომლის შეძენა ან შეკერვა საქართველოში პრობლემას არ წარმოადგენს. ქართულ ბაზარზე ეს სეგმენტი საკმაოდ გავრცელებულია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
საქართველოში „მარი-გოლდი“ ყველასთვის ნაცნობ საქორწილო კაბების სალონს წარმოადგენს, ის ქართულ ბაზარზე 2008 წელს შემოვიდა და დღემდე წარმატებით აგრძელებს ქალბატონებთან ურთიერთობას. სალონი მომხარებლებს მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალი დიზაინერების დახმარებით ხარისხიან, ელეგანტურ და გემოვნებიან საქორწილო კაბებს სთავაზობს.
სალონის დამაარსებელი თამარ ნადირაძეა. იგი ბავშვობაში საკუთარ ესკიზებს ქმნიდა და ყოველთვის მსახიობობასა და რეჟისორობაზე ოცნებობდა, თუმცა ცხოვრების გზამ ის „მარი-გოლდამდე“ მიიყვანა. მისთვის ეს სალონი საყვარელ საქმესთან ერთად ხელოვნებაა რომლისთვისაც წლების განმავლობაში ბევრი იშრომა.
„თბილისი თაიმსი“ ამჯერად თამარ ნადირაძის, ქართველი ქალი ბიზნესმენის ცხოვრებითა და „მარი-გოლდის“ შექმნის ისტორიით დაინტერესდა.
ქალბატონო თამარ, გვიამბეთ ცოტა რამ თქვენი პიროვნების შესახებ…
ჩემი განვლილი ცხოვრება და საერთოდ, ბიოგრაფია დღევანდელ საქმიანობასთან პირდაპირ კავშირშია. ყველაფერი დაიწყო, იმით რომ 3-4 წლის ასაკიდან ვიზრდებოდი თეატრში, მამა მხატვარ-გრიმიორი გახლდათ. ჩემი ბავშვობის მოგონებებიც შესაბამისად თეატრს უკავშირდება. მახსოვს დედამ დიდი ხნის ძებნის შემდეგ, როგორ აღმომაჩინა თეატრის გარდერობში, სადაც მსახიობების სამოსი ინახებოდა, დღემდე მაქვს გამოყოლილი ის თავისებური სუნი. მე ეს ყველაფერი, ძალიან მიყვარდა და მაინტერესებდა. მოგეხსენებათ იმ დროს ძირითადად კლასიკა იდგმებოდა და სამოსიც შესაფერისი იყო, მე კიდე მიყვარდა მათი დათვალიერება. დედა ძალიან კარგად კერავდა, ბავშვობიდანვე მქონდა იმის პრეტენზია, რომ მცმოდა ის, რაც არავის ეცვა. როდესაც წამოვიზარდე უკვე თავად ვქმნიდი ესკიზებს. შემდგომ ჩემს ცხოვრებაში იყო პაუზა. შევქმენი ოჯახი, გავაჩინე შვილები და იცით, მეუღლე სულ მეუბნებოდა იმას, რომ შვილების მოვლაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებდი.
მამასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა, მას ძალიან დიდ პატივს ვცემდი. ის იყო ჩემთვის განუმეორებელი და უერთგულესი მეგობარი. ეს ყველაფერი კი ალბათ, იმაში გამოიხატა, რომ ჩემი ოცნება გავმხდარიყავი მსახიობი ან რეჟისორი მამას თხოვნით დავთმე. მახსოვს იმ პერიოდში ელდარ შენგელაია ფილმს იღებდა და ფილმის გადაღებებზე დილის 5-6 საათზე დავყავდი მამას, ამით მაჩვენებდა თუ როგორი რთული იყო მსახიობობა. თუმცა მაინც სულ სცენაზე მიწევდა ყოფნა, ჩემი პირველი მთავარი როლი იყო იზა წერეთელის ოპერეტაში „ურჩი ბეკეკა“, სადაც ბეკეკას როლს ვთამაშობდი, რომელსაც ვგავდი კიდეც. ეროსი მანჯგალაძემაც კი მითხრა დაანებე თავი მსახიობობასო. ასე დავყევი მშობლების ნებას და მოვხვდი პედაგოგიურზე. სტუდენტობის პერიოდშიც არ ჩამოვსულვარ სცენიდან, ვიღებდი თითქმის ყველაფერში მონაწილეობას, საკმაოდ კარგი მეტყველების კულტურა მაქვს, ბავშვობიდანვე კომუნიკაბელური ვიყავი, თუმცა სცენაზე გასვლის წინ ხმა მაინც მიკანკალებდა და ამას განვიცდიდი, მეგონა მარტო მე მქონდა ეს სენი, თურმე ყველას ასე ემართება, მამა კი არ მეუბნებოდა, უნდოდა მსახიობობისთვის თავი დამენებებინა და მართლაც ასე მოხდა. ოჯახის შექმნის შემდეგ, როდესაც ბავშვები წამოიზარდნენ და სკოლა დაამთავრეს, კერძო ბიზნესი დავიწყე და ასე მოვხვდი იმ ლამაზ სამყაროში, რომელსაც ჰქვია „მარი-გოლდი“.
როგორ შეიქმნა „მარი-გოლდი“ და როგორ გაიხსენებთ სალონის დაარსების პირველ პერიოდს, რამდენად რთული და დაბრკოლებებით სავსე იყო გზა, რომელმაც დღემდე მოგიყვანათ?
თავდაპირველად სხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობდი, 2008 წელს კი ჩამოვაყალიბე საკუთარი სალონი. ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად, თითქმის ორი დღე-ღამის განმავლობაში მივიღე. მივხვდი, რომ ყველაფერს აქვს თავისი ზომა-წონა და მე ჩემი გზა უნდა მეპოვნა. იმ პერიოდში ძალიან გავრცელებული იყო ე.წ „პრინცესას“ სტილის გაშლილი კაბები, მე კი ქართველ მომხარებელს სწორი და ელეგანტური კაბები შევთავაზე. პირველი სამი თვე თითქმის არ მეძინა, იყო დღეები, როდესაც ერთ ღამეში ორ ან სამ კაბას ვკერავდით. ძალიან გადაღლილი ვიყავი, ბევრი ჩავდე ამ საქმეში იმისთვის, რომ ის ყოფილიყო ისეთი როგორიც არის დღეს. მიხარია რომ ხალხმა სალონი შეიყვარა. რაც შეეხება „მარი-გოლდის“ – და სალონის სახელს, ვფიქრობ საინტერესო ისტორია აქვს. გამოცდების წინ ჩუმად ვიპარებოდით ტაძარში, რომ გველოცა, მაშინ ჯერ კიდევ აკრძალული იყო ტაძარში სიარული და გვიშლიდნენ, ერთ დღეს ქაშვეთში მამაომ ღვთისმშობლის ხატი მაჩუქა, ეს იყო პირველი ხატი ჩემს ცხოვრებაში და იმ დღიდან მოყოლებული ღვთისმშობელი მარიამი სულ ჩემ გვერდით დგას, ამასთანავე საქართველოც ხომ ღვთისმშობლის წილხვედრია და ყველაფერმა ამან გადამაწყვეტინა, რომ ყოფილიყო ჩემი სალონი „მარი-გოლდი“. „გოლდი“ -კი მოგეხსენებათ ოქროა და იგი სიმბოლურად ახალდაქროწინებულების ოქროს ბეჭდებს გამოხატავს. ამ სახელის შერქმევის შემდეგ მეგონა, რომ „ამერიკა აღმოვაჩინე“, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთი სახელის – ყვავილი, ფილმი და სიმღერაც კი არსებობს.
მუშაობის პროცესში როგორი ბრძანდებით?
უნდა ითქვას,რომ ადრე უფრო ფიცხი და ემოციური ვიყავი. საერთოდ, ჩემს თავს უფროსად ვერ მოვიაზრებ, ჩვენი პოლიტიკა არის ის, რომ ვართ ერთი ოჯახი. აქ არავინაა უფრო და უმცროსი, ჩვენი თანამშრომლები არაფერში არ არიან შეზღუდულები. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ერთმა ვიზიტმა ჰელსინკში, როდესაც ქარხანა დავათვალიერეთ. ამ კომპანიაში დასაქმებულები იყვნენ ოჯახის წევრები, მათი სხვადასხვა თაობა. „მარი-გოლდშიც“ სწორედ ასეა, ჩვენი თანამშრომლების შვილები აქ მუშაობენ, ახლა ერთი გოგონა დაოჯახდა, უკვე პატარა ჰყავს, მე კი მას უკვე „მარი-გოლდის“ მომავალ თანამშრომლად მოვიაზრებ. მე ძალიან მინდა, რომ ჩვენი დაწყებული საქმე სწორედ მათ გააგრძელონ.
პროფესია, რომელშიც საკუთარ შესაძლებლობებს სიამოვნებით გამოცდიდით?
მსახიობობა – სწორედ ეს არის პროფესია, რომელშიც დიდი სიამოვნებით გამოვცდიდი საკუთარ შესაძლებლობებს. დიდი სიამოვნებით შევასრულებდი ტრაგიკული, სევდიანი, ან თუნდაც მოსიყვარულე და ბედნიერი ადამიანის როლს. საერთოდ, თუ კი რაიმეს კეთებას ვიწყებ ის აუცილებლად ბოლომდე მიმყავს. ჩემს შვილიშვილსაც, ნიაკო ბლიაძეს რომელიც 10 წლის გახლავთ მომღერლობა ან მსახიობობა უნდა. ამბობს, რომ ჰოლივუდში წასვლა სურს, მე ეს ძალიან გამიკვარდა – მას ხომ მომავალ „მარი-გოლდად“ მოვიაზრებდი, თუმცა მას თავისი ოცნების ახდენას არ დავუშლი.
თვლით, რომ ხართ ძლიერი პიროვნული თვისებების მქონე?
ვთვლი ნამდვილად, რომ ვარ ძლიერი, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ცხოვრებაში ვნახე, მე მაინც მყარად ვდგავარ ფეხზე. მქონდა ურთულესი პერიოდები, დამისვეს დიაგნოზი, რომ დიდხანს ვეღარ ვიცოცხლებდი, ვნახე ღალატი, უმადურობა, გულის ტკივილი, ყველაფერი რომ იტყვიან „ნულიდან“ დავიწყე. ვთქვი პირადულზე უარი და მოვედი დღემდე. მუხედავად იმისა, რომ „მარი-გოლდი“ 6 წელია, რაც არსებობს მე უკვე მას ჩემ ცხოვრებად ვთვლი. „მარი-გოლდი“ ჩემთვის ხელოვნებაა და იმედი მაქვს, რომ მას მომავალი თაობები უკვე ბიზნესად გადააქცევენ. ჩემი სურვილია, რომ სანამ ვარ შევქნმა, რაიმე ღირებული, დავთესო სიკეთე.
რა გაძლევთ სტიმულს ცხოვრებაში?
ჩემი ოჯახი და პატარა ნიაკო, რომელიც საკმაოდ ნიჭიერი და ჭკვიანია. მე საკმაოდ მკაცრი დედა ვიყავი და მკაცრი ბებია ვარ ახლაც. აქცენტი გვაქვს ძირითადად, რა თქმა უნდა, სწავლაზე, ყველანაირად ვუწყობ ხელს. ამას გარდა, დამყავს ჩვენებებსა და გამოფენებზე, ვიყავით სხვადასხვა ქვეყანაში, ვცდილობ, რომ ჩამოვუყალიბო ბავშვობიდანვე გემოვნება.
თვლით, რომ დღევანდელი თქვენი მდგომარეობა ხანგძლივი მუშოების შედეგია, თუ….
ის, რაც დღეს გამაჩნია არის დაუღალავი შრომის შედეგი. მე უზომოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა, ის ჩემი გულის ნაწილია და ყველაფერს ვცდილობ, რომ „მარი-გოლდი“ არამხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც ცნობილი იყოს ჩვენი ქვეყნის სახელით. ყოველგვარი სპონსორისა და მფარველის გარეშე მივაღწიეთ აქამდე, 4 ნოემბერს დიპლომატიურ კორპუსსთან გვქონდა ჩვენება, „ბრენდ-ბუქის“ გამოშვებას ვგეგმავთ ,სადაც ქართულად და ინგლისურად იქნება მოთხრობილი, სხვადასხვა კუთხის შესახებ. ეს ყველაფერი კი იმისთვის,რომ უცხოელებმა უფრო უკეთესად გაიცნონ ჩვენი ქვეყანა. ვფიქრობ, რომ იმ შრომით ,რაც მე მაქვს აქ ჩადებული სხვა ქვეყანაში საკმაოდ წელში გამართული ვიქნებოდი, თუმცა ეს ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ რთულია.
2014 წლის საქორწინო კაბა როგორ გამოუყურება, რა ტენდენციებია აქტუალური და რას უნდა მივაქციოთ ქალბატონებმა ყურადღება საქორწინო კაბის შეძენისას?
თითქმის ყველაფერს ირგებს ქართველი მომხარებელი. წელს განსაკუთრებით მოდურია „ქალთევზას“ სტილის კაბები, თუმცა ე.წ „პრინცესას“ კაბებსაც ანიჭებენ უპირატესობას, მათ შორის ცოტა ფუმფულა გოგონებიც. გემოვნება მაინც ინდივიდუალურია და ყველა თავისი სურვილის მიხედვით იძენს კაბას.
როგორია თამარ ნადირაძე ოჯახში, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახურ ცხოვრებას და სამუშაოს?
ოჯახში და განსაკუთრებით სამზარეულოში ძალიან საქმიანი ვიყავი. სამზარეულო იყო ჩემი ჰობი. ძალიან გემრიელი კერძები გამომდიოდა, ხშირად ძალიან სწრაფად, ექსპრომტად ვქმნიდი სალათებს და სტუმრები ყოველთვის კმაყოფილები რჩებოდნენ ჩემი ნახელავით. ყოველთვის მიყვარდა ექსპერიმენტები. ნამდვილად კარგი დიასახლისი ვიყავი. დიდი წვლილი ამ საკითხშიც მამას მიუძღვის. მახსოვს მე-3 ან მე-4 კლასში ვიყავი,როდესაც მან პირველად ხაჭაპურის ცომი მომაზელინა. ოჯახში ყოფნა ძალიან მიყვარს, თუმცა რაც დრო გადის უფრო ნაკლებ დროს ვატარებ იქ. სახლში მხოლოდ დასაძინებლად თუ მივალ, არის შემთხვევები,რომ ღამეებს ვათევთ სამსახურში. ჩემი ქალიშვილიც ჩემთან მუშაობს, ის მენეჯერია და პატარძლებს თაიგულებს უკეთებს. დღეს, რომ ოჯახსა და ჩემს სამუშაოს ერთმანეთს ვუთავსებ, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის დამსახურებაა. მახსოვს ერთ-ერთ ბიზნეს ქალბატონების შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ ქალბატონების უმეტესობა ქმარს გაცილებული ან დასაოჯახებელი იყო, მე კი მყავდა მეუღლე და ყველას უკვირდა. სახლში, რომ მოვედი ჩემმა გოგომ მითხრა ის, რაც არასდროს დამავიწყდება. მან თქვა, რომ იმ ქალბატონებს ჩემნაირი მეუღლე არ ჰყოლიათ.
თვენის აზრით, რა არის საჭირო ქალისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს?
პირველ რიგში, ვფიქრობ რომ საჭიროა პიროვნული სიძლიერე, შემდგომ საქმისადმი დიდი სიყვარული და ოჯახის მხარდაჭერა, აუცილებელია მათი ხელშეწყობა. თუმცა, მაინც ყველაზე მთავარი სიყვარულია ყველაფერში. უნდა ვიყოთ ადამიანები და ნაკლებად მატერიალურები.
თქვენი მისამართით ალბათ, კომპიმენტები ბევრია. რომელი ქათინაურია თქვენთვის მისაღები და სასურველი?
ყოველთვის მსიამოვნებდა და მსიამოვნებს კომპლიმენტები. სასიამოვნოა რა თქმა უნდა, როდესაც მეუბნებიან, რომ კარგად გამოვიყურები. თუმცა როდესაც ჩემს თავს ვუკვირდები აღმოვაჩენ, რომ ადრე უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი მას და ჩემს ქალურობასთან ვაიგივებდი, მაგრამ ახლა უფრო ვაჟკაცური ვარ შინაგანად და ამდენად, აღარ ვიხიბლები ქათინაურებით, თუმცა მსიამოვნებს.
ადვილად პოულობთ თუ არა პრაქტიკული და არაპრაქტიკული პრობლემებიდან გამოსავალს?
არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა ყველა მათგანი მოგვარებადია. მეც შესაბამისად არ მიჭირს მათი გადაჭრა. ხშირად მტკენია გული და ბევრსაც უღალატია, ეს ბუნებრივია ყველას ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს. მადლობა უფალს მათთვის, ვინც ახლა ჩემ გვერდით არიან, თან როგორც ამბობენ ადამიანს 50 წლის ასაკის შემდეგ უგზავნის უფალი ნამდვილ მეგობრებსო და მეც დაველოდები მათ.
როგორც ივ სენ ლორანი ამბობს: „მოდა წარმავალია, სტილი კი უცვლელი,“ – თქვენი ჩაცმის სტილი, რომრლშიც სრულ კომფორტს განიცდით?
აბსოლუტურად ვეთანხმები მას, მე ამ სიტყვებმა ერთი მოგონება ამომიტივტივა. დედას ახალგაზრდობის ფოტოებს, რომ ვათვალიერებდი ყოველთვის მომწონდა მისი სამოსი და სულ ვეუბნებოდი: – დედა, სად არის ეს ტანსაცმელი, მე ხომ შემიძლია, რომ დღეს სრულიად განსხვავებული ვიყო ყველასგან. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ჩაიცვა ის, რაც გიხდება. უზომოდ მიყვარს მოკლე კაბები მაგრამ არ მიხდება. ადრე უფრო გამხდარი ვიყავი დღევანდელთან შედარებით, მაგრამ დღეს რომ მხვდებიან მეუბნებია, რომ გავხდი. სინამდვილეში კი ამის მიზეზი არის ის, რომ სტილი შევიცვალე, ამაში კი ჩემი ნიაკო დამეხმარა.
როგორ შემთხვევაში შეიძლება იგრძნოთ დისკომფორტი?
დისკომფორტს ვგრძნობ ცივი ადამიანების გარემოში. არ შემიძლია იქ ყოფნა სადაც არ იღიმებიან. მე თვითონ ძალიან კომუნიკაბელური ვარ და მიჭირს შესაბამისად, ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც ეს ყველაფერი უჭირთ.
„მარი-გოლდის“ მთავრი კონკურენტი? რამდენად ჯანსარია ბაზარზე კონკურენცია?
ვთვლი რომ კონკურენცია არაჯანსაღია, რამდენიმე წლის წინ ნამდვილად იგრძნობოდა კონკურენცია, თუმცა დღეს ალაგ-ალაგ არსებულ მაღაზიებს კონკურენტებად ვერ მოვიაზრებ. დღეს ყველამ დაიწყო საქორწინო კაბების სალონების გახსნა, არადა ვფიქრობ, რომ აუნდა აკეთო ის საქმე, რომელიც გამოგდის და სხვას არ უნდა შეეჭიდო.
როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი სალონის – „მარი-გოლდის“ უპირატესობები, რით გამოირჩევა იგი სხვა სალონებისგან?
მთავარი უპირატესობა ყველაფერთან ერთად არის ის, რომ „მარი-გოლდის“ კაბები საქართველოშია შეკერილი. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი მომხარებელი იყოს გემოვნებიანი, და არჩევდეს ხარისხიან და უხარისხო ნაჭერს. ხარისხი ჩვენი მთავარი ნიშაა. „მარი-გოლდი“ კი ნამდვილად გემოვნებიანი მომხარებლებისთვისაა. ჩვენ ამასთანავე, მომხარებლებს კაბების გარდა ვთავაზობთ მაკიაჟსა და ფოტო გადაღებასაც.
რეგიონებში თუ გაქვსთ ფლიალები და თუ გეგმავთ გაფართოვებას?
ამჟამად, ქალაქ რუსთავში გვაქვს მაღაზია გახსნილი. რეგიონებზე მეტად ვგეგმავთ, რომ საზღვარგარეთ გავხსნათ მაღაზიები.
მომხმარებელი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?
მახსოვს პირველი მომხარებელი, საერთოდ სახელსა და გვარებს იშვიათად ვიმახსოვრებ მაგრამ პირველს თავადის გვარი ჰქონდა. თავად დედაჩემიც წერეთლის ქალია და ყოველთვის ვამაყობ ამით. ის გოგონა აბაშიძე იყო გვარად და მახსოვს, როგორი კმაყოფილი იყო ჩვენი მომსახურებით. სხვა მომხარებლები იმდენად არ მახსოვს უბრალოდ ერთი სამწუხარო ტენდენცია არის ის, რომ ოჯახები საქორწილო სუფრაზე უფრო ბევრს ფიქრობენ და ბევრ ფულს ხარჯავენ, ვიდრე დედოფალზე და მის საქორწილო კაბაზე, არადა ეს ყველაფერი პირიქით უნდა იყოს.
„მარი-გოლდის“ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით….
ჩვენ გვაქვს წინ რამდენიმე პროექტი „ჩვენ ვართ ყველგან“, ვგეგმავთ მედია პროექტსა და კლიპის გადაღებას, „ბრენდ ბუქის“ შექმნას. სამომავლოდ უფრო შორეულ გეგმებში კი დიდი სურვილი გვაქვს შევქმნათ „მარი-გოლდის“ იმედის სახლი, სადაც ყველა ნიჭიერ ადამიანს შეეძლება თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია, ჩვენ კი ამ ყველაფერში დავეხმარებით.
14.11.14
ნათია კეკენაძე