შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან “ნაციონალური მოძრაობის” ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით საკმაოდ კონსტრუქტციული შეხვედრა შედგა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმოამდგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ს საპატრულო დეპარტამენტში გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მასთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გივი თარგამაძე და გიორგი მელაძე როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მიიღო დაპირება, რომ ხვალინდელ აქციაზე შსს შეეცდება, მაქსიმალურად უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომები. “ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია შსს-ს წარმომადგენლებს, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონებში ხდება ზეწოლა მძღოლებზე. თუმცა ეს შსს-ს კომპეტენცია არ არის, ამას აკეთებს ე.წ. სუს-ი. ავუხსენით დეტალურად ხვალ დაგეგმილი აქციის გეგმები – სად იქნება ხალხი შეკრებილი, როგორი იქნება მსვლელობა და ა.შ.. შეხვედრა იყო საკმაოდ კონსტრუქციული. დაგვპირდნენ, რომ ეცდებიან, მაქსიმალურად დაიცვან წესრიგი და არ დაუშვან ექსცესები. ჩვენ ჩვენის მხრიდან ვუთხარით, რომ ხვალ იგეგმება მშვიდობიანი აქცია და არ გავცდებით კანონის ფარგლებს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მისი თქმით, შეხვედრაში შსს-ს მხრიდან მონაწილეობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ასევე წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა განყოფილების ხელმძღვანელები. რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ხვალ იგეგმება გზის გადაკეტვა იქიდან გამომდინარე, რომ აქციაზე ხალხის მასა საკმაოდ დიდი იქნება. “პატრული ხვალ გზას გადაკეტავს. შეკრება დაიწყება შუა დღისას. მსვლელობა დაიწყება ვარდებს მოედნიდან 16:00 საათზე და დასრულდება სავარაუდოდ 18:30 საათზე”, – განაცხადა ჯაფარიძემ. მისი თქმით, საუბარი იყო “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაპირისპირებულ ჯგუფებზეც, რომლებიც სხვადასხვა ტიპის განცხადებებს ავრცელებენ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. “მათ გუშინაც გაავრცელეს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გადავეცით პოლიციას და მათ თქვეს, რომ თუ რამე დესტაბილიზაციის მცდელობა იქნება, ამას აღკვეთავენ. ჩვენი მხრიდან არ იქნება არანაირი ძალადობრივი ქმედებები, რომელიც გასცდება კანონის ფარგლებს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 14.11.14