iuvf“მშვიდობის მსურველმა ნებისმიერმა ქვეყანამ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმა უნდა დაგმოს”, – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა განაცხადა.

ისრაელის საელჩოს ცნობით, იუვალ ფუქსი უკვე ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით ჯალაღანიას. ელჩის თქმით, “მას ღრმად სწამს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობის დამყარება სურს, იერუსალიმში მომხდარ ამ სისხლიან თავდასხმას უნდა გმობდეს”.

18 ნოემბერს დილას ცეცხლსასროლი იარაღით, ცულებით და დანებით შეიარაღებული ორი პალესტინელი ტერორისტი ებრაული რელიგიური სასწავლებლის, იეშივას ტერიტორიაზე შევიდა და სინაგოგაში მლოცველებს დაესსხა თავს. ტერორისტების თავდასხმას ოთხი მშვიდობიანი ისრაელელი ემსხვერპლა, ოთხი მძიმედ არის დაჭრილი, ოთხს კი საშუალო სიმძიმის დაზიანება აქვს მიღებული. შემთხვევის ადგილზე მყოფმა უსაფრთხოების წარმომადგენლებმა ორივე ტერორისტი გაანეიტრალეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტერორისტები სინაგოგებს და რელიგიურ სასწავლებლებს ესხმიან თავს. 2008 წელს თავდამსხმელი იერუსალიმის რაიონში, კირიათ მოშეში “მერკაზ ჰა რავის” იეშივაში შეიჭრა და უსაფრთხოების ძალების მიერ მის განადგურებამდე რვა მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა. როგორც ისრაელის საელჩოში აცხადებენ, იერუსალიმში მომხდარი მორიგი ტერორისტული აქტი ისრაელისა და ებრაელების წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შედეგია, რომელსაც პალესტინელი ოფიციალური პირები და, მათ შორის აბუ მაზენი ეწევა.

18.11.14

 

Please follow and like us: