თბილისის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები წარმოადგინეს.
აღნიშნულის შესახებ მათ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. ამასთან, მედიას ინიციატივები გააცნეს, რაც მათი აზრით, თბილისის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში უნდა იქნას გათვალისწინებული.
,,გასული დღეების განმავლობაში არაერთხელ გავავრცელეთ განცხადება თბილისის მერის მიერ საკრებულოში წარმოდგენილი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის ხარვეზების შესახებ. მისი საშემოსავლო ნაწილი ,,ლოგიკური” გაგრძელებაა დავით ნარმანიას ინიციატივით ,,სეკვესტრირებული” ბიუჯეტის და დასტურია თბილისის ახალი მთავრობის უუნარობის იზრუნოს ქალაქის ბიუჯეტის შევსებაზე, ხოლო ხარჯვითი ნაწილი კი დასტურია, იმისა რომ მათ არ აქვთ სწორი წარმოდგენა თბილისელების წინაშე არსებულ პრობლემებზე და ვერ ახდენენ საბიუჯეტო სახსრების ეფექტურ გადანაწილებას მათი სიმწვავის მიხედვით. სწორედ ამიტომ ჩვენი შეთავაზებაა, რომ ნაცვლად მერიაში შტატების რაოდენობის კვლავ გაზრდისა, ავარიული შენობების ფასადების შეღებვისა და ბევრი სხვა გაუმართლებელი ხარჯისა, მომავალი წლის ბიუჯეტში ასახული იყო შემდეგი პროგრამების დაფინანსება:
1. სოციალური უზრუნველყოფა:
განსაკუთრებით მწვავე კვლავ რჩება მოსახლეობის სოციალური პრობლემები. მოსახლეობისთვის მათი ნაწილობრივ მაინც გადაწყვეტის მიზნით თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პროგრამები:
•ასაკით პენსიონერებისათვის ყოველთვიური 10 ლარიანი საპენსიო დანამატი 2015 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე, როდესაც უკვე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას პენსიის ზრდაზე;
•მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობა 70000 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის;
•ბაღის ვაუჩერის შემოღება – მუნიციპალური საბავშო ბაღების სისტემის განვითარება მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებებისა (შედარებისთვის: 2006 წელს ბაღებში ჯამურად იყო დაახლოებით 27 000 ბავშვი, 2012 წელს – 43 000 ბავშვი, 2014 წელს – 52 000 ბავშვი), არ არის საკმარისი, იმისათვის რომ ამ მომსახურებით დაკმაყოფილდეს ყველა მსურველი. 2015 წლის შემოდგომიდან თბილისის ბაგა–ბაღებში შესაძლებელი იქნება 55 000 ბავშვის მიღება, თუმცა რეალურად, დღეისათვის, საჭიროა კიდევ მინიმუმ 10 000 ადგილი. გვსურს თბილისის მერიას მოვუწოდოთ, რომ სანამ სხვადასხვა პრობლემების გამო ბავშვები რჩებიან საბავშვო ბაღის გარეშე და მშობლები ამით გამოწვეული მწვავე პრობლემების პირისპირ, 2015 წლის სექტემბრიდან შემოვიღოთ ყოველთვიური 100 ლარიანი ვაუჩერი თითოეულ ბავშვზე (სწორედ ამდენი იხარჯება ერთ აღსაზრდელზე თვეში მუნიციპალურ საბავშვო ბაღში). აღნიშნული, ერთის მხრივ მომავალ წელსვე მოაგვარებს მშობლებისთვის პრობლემას და უფრო ეფექტურად აღმოფხვრის საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტს, ხოლო მეორეს მხრივ გამოიწვევს კერძო საბავშვო ბაღების სისტემის განვითარებას და ამ სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
2. ქალაქის ინფრასტრუქტურა – ,,თბილისი საცობების გარეშე”:
•”თბილისი საცობების გარეშე”-
გასულ წლებში პერიოდში აშენებულმა ახალმა გზებმა, გვირაბებმა, ესტაკადებმა ბევრ მონაკვეთზე მოძრაობა განტვირთა და ააჩქარა, თუმცა ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერება და ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯების გადაუდგმელობა განხორციელებული წარმატებული პროექტების შედეგებსაც ამცირებს. შესაბამისად, ქალაქის საცობებისგან განსატვირთავად აუცილებელია მომავალი წლიდანვე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ბიუჯეტით გათვალისწინებული იყოს დაფინანსება საგზაო ობიექტების პროექტირებისათვის და მინიმუმ 2 სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქციისათვის (მაგ: მარშალ გელოვნის მოედანზე (ვეფხვი და მოყმესთან) საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (გვირაბით); ვერის ხეობიდან გამომავალი ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება გმირთა მოედანზე არსებულ, ლაგუნასკენ მიმავალ გვირაბთან).
3.ეკონომიკის მხარდაჭერა:
მიუხედავად ამ მიმართულებით წინასაარჩევნოდ გაკეთებული დაპირებებისა, მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა მომავალ წელს 3 372 700 ლარით შემცირდება და მხოლოდ 2 127 300 ლარით დაფინანსდება. შეფერხებული ეკონომიკური ზრდისა და გაზრდილი უმუშევრობის ფონზე, აბსოლუტურად გაურკვეველია ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან გამოსაყოფი ისედაც მწირი თანხების კიდევ უფრო შემცირება.
იმავდროულად ხაზგასასმელია, რომ შეწყდა და აღარ გრძელდება ქალაქის ისტორიული ნაწილის ავარიული შენობებისგან გათავისუფლების, იქ მცხოვრები მოსახლეობის საბინაო პირობების გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”. ფაქტია, რომ ქალაქის ცენტრში, მის ისტორიულ ნაწილში მრავალი მწვავედ ავარიული სახლია. ამ უძრავი ქონების საინვესტიციო პონტეციალია საკმაოდ მაღალია, თუმცა სამშენებლო შეზღუდვების, მაღალი ფასებისა და სხვა ფაქტორების გამო მოსახლეობას უჭირს საკუთარი ძალებით მათი მოძებნა და დაინტერესება. გასულ წლებში თბილისის მერია საბიუჯეტო დაფინანსებით თავად ამაგრებდა და რეაბილიტაციას უკეთებდა ამ შენობების ნაწილს და ასევე მოქმედებდა ზემოთაღნიშნული პროექტი ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”, რომელიც კერძო კომპანიებისთვის ამ პროექტებით დაინტერესებისთვის ქმნიდა გარკვეულ ფინანსურ გარანტიებს.
ქალაქში სამშენებლო ბიზნესისა და უძრავი ქონების ბაზრის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციის, ავარიული საცხოვრებელი შენობებში მაცხოვრებელი მოსახლეობის საბინაო პრობლემების მოგვარების მიზნით, მნიშვნელოვანია თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს პროგრამა თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ არეალში (თბილისის ისტორიულ ნაწილში) ავარიული შენობების (რომლებიც გამაგრებას აღარ ექვემდებარება) ადგილზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ წელს არ მოხდება სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის კომუნალური ვაუჩერის შემცირება. განსაკუთრებულ პრობლემად მიგვაჩნია, რომ უქმდება მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (70 000 სარეიტინგო ქულამდე) წყლის გადასახადზე 50 %-იანი შეღავათი, 6 605 300 ლარით მცირდება თბილისელების სოციალური დაცვის ღონისძიებების დაფინანსება, არ იწყება საავტობუსო პარკის განახლების პროცესი, ევროპული სტანდარტის კომფორტული და ადაპტირებული ავტობუსების შეძენა, აღარ გრძელდება მეტროს ვაგონების მოდერნიზაციისა და სადგურების რეკონსტრუქციის პროცესი, ფაქტიურად აღარ გრძელდება ავარიული საცხოვრებელი შენობების გამაგრების პროცესი, მცირდება სპორტული ობიექტებისა და ღონისძიებების დაფინანსება, ასევე მცირდება ბიბლიოთეკების დაფინანსება, ბიუჯეტში დეტალურად გაწერილი არ არის არ არის ლილოს ნაგავსაყრელზე არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით 2015 წელს გასატარებელი ღონისძიებები და სხვა” , – განაცხადეს საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა.
24.11.14