სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“, რომელიც ძველი თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზეა განთავსებული უკვე 14 წელზე მეტია ქართველ თუ უცხოელ მომხარებლებს კომფორტსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. სასტუმრო შედის თბილისის იმ ცნობილ და ყველაზე მოთხოვნად ადგილებს შორის, სადაც ყველაზე ხშირად ეწყობა კონფერენციები და სემინარები. იგეგმება სხვადასხვა შეხვედრა, წვეულებები, ჩვენება თუ პირადი სადილი. შერატონის მთავარ უპირატესობად წლების განმავლობაში მისი ადგილმდეობარეობა მიიჩნეოდა. იგი თბილისის აეროპორტიდან დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ახლოსმდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც ნარიყალას ციხეს, მეტეხის ტაძარს, გოგირდის აბანოებს, ოპერასა და ეროვნულ მუზეუმთან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.
12 ნოემბერს სასტუმროს ადმინისტრაციამ, “რას ალ ხაიმა ინვესტმენთ აუტორიტი ჯორჯიას” დირექტორმა, გურამ ცანავამ, მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯეიმს ბიუქენანმა, დირექტორმა კოლინ ქრუქშანკიმ და “სტარავუდ ჰოტელს & რეზორთსის” აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რეგიონალური მენეჯერმა – კლაუს ბრანდშტეტერმა ერთობლივი კონფერენცია გამართეს. კონფერენციაზე წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას აცნობეს, რომ „შერატონ მეტეხი პალასი“ ერთწლის განმავლობაში დაიხურება სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქციის მიზნით.
„თბილისი თაიმსი“ აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ დაუკავშირდა „შერატონ მეტეხი პალასის“ პიარ-სამსახურს:
- გავრცელებული ინფორმაციით, „შერატონ მეტეხი პალასში“ დაგეგმილია სარემონტო სამუშაოები, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ვადებშია განსაზღრული აღნიშნული სამუშაოები ?
ამ დრომდე ზუსტად ვადები არ იყო განსაზღვრული, თუმცა „შერატონ მეტეხი პალასის“ დახურვის შემდეგ დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში მუდმივად იქნება სარეკონსტრუქციო სამუშაოები. სასტუმროს დახურვა დაგეგმილია 2014 წლის 1-ელ დეკემბერს და გაიხსნება 2016 წლის დასაწყისში, სავარაუდოდ იანვრის თვეში.
- იგეგმება თუ არა რაიმე სახის ცვლილებები შენობის გარე ფასადზე ან შენობის შიგნით და ექნება თუ არა „შერატონს“ იგივე ფუნქცია ?
სრული რეკონსტრუქციის ფარგლებში განსაზღვრულია ინტერიერისა და ექსტერიერის მთლიანად შეცვლა. ეს პროცესი დედაქალაქისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, რადგან „შერატონ მეტეხი პალასს“ განსაკუთრებული ადგილი უკავია თბილისში, ის არის პოპულარული ტურისტებში და შესაბამისად, ერთწლიანი შესვენების შემდეგ იგი თბილის დაუბრუნდება , როგორც ჭეშმარიტად ხუთვარსკვლავიანი, საერთაშორისო სტანდარტების მქონდე სასტუმრო.
- თქვენი ინფორმაციით, ხომ არ იგეგმება სასტუმროს გაფართოება და რამდენად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული სასტუმროს სარემონტო სამუშაოები?
სასტუმროს რეკონსტრუქციას ადგილობრივი სამშენებლო კომპანია განახორციელებს. დაგეგმილია სასტუმროსთვის განკუთვნილი ოთახების სრული რეკონფიგურაცია. განახლებული სასტუმროს გახსნის შემდეგ კი „შერატონ მეტეხი პალასი“ არა 140 ნომრით, არამედ 220 ფეშენებელური საკლუბო და ლუქსის ტიპის ნომრებით წარსდგება სტუმრების წინაშე. როგორც გარე, ისე შიდა ფასადი ძირეულად ტრანსფორმირდება და დაიხვეწება. სრული რეკონსტრუქციის ფარგლებში 25 მილიონი დოლარი დაიხარჯება. სასტუმროს ამასთანავე ექნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კეთილმოწყობილი ფიტნეს და სპა სივრცეები, ახალი რესტორნები, ბარები და ექსკლუზიური ლაუნჯები, ვგეგმავთ საკონფერენციო და ღონისძიებების ცენტრის გაფართოებას.
„შერატონ მეტეხი პალასის“ მშენებლობა 1989 წელს დაიწყო და საზეიმო ვითარებაში 1991 წელს გაიხსნა. მისი ამჟამინდელი მფლობელია შპს. „რა ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“, გენერალური მენეჯერი – ტონი ტოშევი, ხოლო მმართველი კომპანიაა – სტარვუდის სასტუმროებისა და კურორტების საერთაშორისო კორპორაციის შერატონის ბრენდი.
„თბილისი თაიმსმა“ პიარ-სამსახურს სთხოვა უკვე განახლებული „შერატონ მეტეხი პალასის“ მაკეტისა და ინტერიერის ფოტოების მოწოდება, თუმცა მათივე განცხადებით, ამ დროისთვის ისინი არ მოეპოვებათ.
27.11.14
ნათია კეკენაძე