საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, ლარის კურსთან დაკავშირებით პანიკას არ აჰყვეს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, არაფერი საპანიკო ლარის კურსთან დაკავშირებით არ არსებობს.
“ინვესტიციების მიმართულებით, ჩვენ წლის ბოლოსთვის მინიმუმ შარშანდელ მაჩვენებელზე გავალთ. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, უამრავი ფაქტორი ახდენს ლარის კურსზე გავლენას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვეს იმ სპეკულაციებს და პანიკებს, რაც ბაზარზე ხდება. ეროვნული ბანკი, რამდენადაც ვიცი, ახორციელებს ზომიერ ინტერვენციებს, რათა ნახტომისებური ცვლილებები არ მოხდეს და მგონია, რომ ამის იქით სახელმწიფოს ჩარევა მიზანშეწონილი არ არის. მოვუწოდებ ყველას, არ იყოს პანიკა, რადგან პანიკა ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ცუდად მოქმედებს. არაფერი საპანიკო ამ მიმართულებით ნამდვილად არ გვაქვს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ბოლო მონაცემებით, 1.84-ს შეადგენს.
01.12.14