ლოპოტას სპეცოპერაციის გარდაცვლილთა რაოდენობა პირველადი მოინაცემებისგან განსხვავდება.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, თავდაპირველად საუბარი იყო 11 ადამიანზე შეიარაღებული ჯგუფიდან, დღევანდელი მონაცემებით კი მხოლოდ 7 იკვეთება.
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებული არაერთი სავარაუდო ნივთმტკიცება დღემდე არ არის ამოღებული.
ამის დასტურად ნანუაშვილი იმ ფაქტს ასახელებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი უშუალოდ სპეცოპერაციის ჩატარების ადგილზე რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა.
როგორც ნანუაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მიძღვნილ ანგარიშში ის ძალიან ბევრ დარღვევაზე საუბრობს.
ლოპოტას სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ ანგარიშის პრეზენტაციას სახალხო დამცველი „თბილისში მარიოტში“ მართავს.
მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოებისადმი მთავარი მიმართვა არის ის, რომ ეს გამოძიება არ არის ეფექტური და გაჭიანურებულია.
სახალხო დამცველი მიმართავს პარლამენტს, რომ ამ საკითხის შესწავლა ხელახლა დაიწყოს იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურას გამოძების დაწყების თხოვნით უნდა მიემართოს, რეალურად კი პროკურატურა პარლამენტის 2 დადგენილებას არ ასრულებს, რომელიც ამ გამოძიებას ეხებოდა.
კიდევ ერთი დარღვევა, რომელზეც სახალხო დამცველი ამახვილებს ყურადღებას, არის ის, რომ საქმის კვალიფიკაცია დღემდე შეცვლილი არ არის და გამოძიება მხოლოდ მძევლების ხელში ჩაგდების მუხლზე მიმდინარეობს.
„ის, რომ თუნდაც შეიარაღებული ჯგუფი არ შემოსულა ჩრდილოეთ კავკასიიდან, ეს უკვე ჩვენთვის ფაქტია იმ მასალებიდან, რომელიც გადმოგვეცა. გარდა ამისა, არცერთ გარდაცვლილს, როგორც შეიარაღებული ჯგუფიდან, ასევე სამართალდამცველთა მხრიდან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებია, ხოლო ექსჰუმაციის შედეგები ოჯახისთვის არ არის ცნობილი“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, რაიმე ვერსიას, თუ რა მოხდა 2 წლის წინ ლოპოტას ხეობაში, საზოგადოებას ვერ სთავაზობს და ეს არის პროკურატურისა და შსს-ს ფუნქცია.
„მაგრამ ჩვენ კონკრეტულ დასკვნამდე მივედით. დეტალები ძალიან ბევრია. თუნდაც ის, რომ გარდაცვალებულთა რაოდენობა განსხვავდება იმ ვერსიისგან, რომელიც თავიდან იყო გაჟღერებული. ანუ თავიდან საუბარი იყო შეიარაღებული ჯგუფიდან 11 გარდაცვლილზე, დღევანდელი მონაცემებით კი 7 იკვეთება“, – განაცხადა ნანუაშვილმა.
01.12.14