ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქალაქ რუსთავის საკრებულის თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი რამინ ისმაილოვი და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგნლები ქალაქ რუსთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ავალიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეღავათების ახალი პროექტის დეტალები გააცნეს.
საქართველოს მასშტაბით, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსით სარგებლობენ, ზამთრის პერიოდში გადაუხდელობის მიზეზით გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ, ხოლო დაგროვილ დავალიანებას ეტაპობრივად დაფარავენ.
ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახები „სოკარ ჯორჯია გაზისგან“ დამატებითი სერვისებითაც უფასოდ ისარგებლებენ.
იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახი მიიჩნევს, რომ მათი ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი გამართულად არ მუშაობს ან ბინებში დამონტაჟებული გაზის გამათბობლების/გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების გამართულობაში ეჭვი ეპარებათ, შეუძლიათ წერილობით მიმართონ „სოკარ ჯორჯია გაზს“. კომპანიის თანამშრომლები ადგილზე შეამოწმებენ აღრიცხვიანობის სისტემას და უსასყიდლოდ აღმოფხვრიან ხარვეზს.
ანალოგიურ შეღავათებს მოსახლეობას სთავაზობს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, რაც ნიშნავს რომ რეგიონების მსგავსად, თბილისში მცხოვრები ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი შეძლებს ზამთარში დაგროვილი დავალიანების ეტაპობრივად გადახდას , ხოლო ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის სისტემა უსასყიდლოდ მოუწესრიგდებათ.
მხოლოდ ქვემო ქართლში სოციალურად დაუცველთა კატეგორიას ამჟამად 12 000 ოჯახი მიეკუთვნება, თბილისში კი ამავე სტატუსით 25 000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
02.12.14