“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ზურა ვაზაგაშვილის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე სარჩელით მიმართავს, ამის შეწსახე ნათქვამია საიას განცხადებაში.
საია 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიხეილ სააკაშვილის სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შეფასებას ეხმაურება.
“მედიასაშუალებებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერში პრეზიდენტი აცხადებს შემდეგს: “ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდანაა, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში ჩემი მთავრობის დროს? 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო – ვინ რჩეული ვაჟკაცი, ვაზაგაშვილი? ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად”. ინტერნეტსივრცეში ასევე გავრცელდა ერთ-ერთი სტუდენტის ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც პრეზიდენტთან შეხვედრისას დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ინტერვიუში სტუდენტი აცხადებს, რომ მან დარბაზი დატოვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა “ის ახალგაზრდები, რომლებიც შეიწირა რეჟიმმა კვლავ მოიხსენია მკვლელებად, კერძოდ-ვაზაგაშვილი, აფრასიძეები”. ზემოაღნიშნულ აუდიოჩანაწერში პრეზიდენტი ცალსახად, მტკიცებით ფორმაში, ამბობს, რომ “ვაზაგაშვილს ჰქონდა 2 ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ფრაზის თქმით პრეზიდენტი ზურაბ ვაზაგაშვილს დანაშაულის ჩადენას აბრალებს. მათივე მტკიცებით, ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ სტუდენტებისადმი მიწოდებული ინფორმაცია არ ასახავს გამოძიების მიერ დადგენილ ფაქტებს.
საიას განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, ის გარემოება, ჩაიდინა თუ არა რომელიმე პირმა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რაიმე სახის დანაშაული, შეიძლება დადგინდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
“პრეზიდენტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ “ვაზაგაშვილს 2 ავტომატი ჰქონდა და მიდიოდა სხვების დასახოცად”, გამოძიებით მიერ დადგენილ ფაქტებს არ ეფუძნება. ასევე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ 2006 წლის 2 მაისს კორტებთან განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ტიპის გამონათქვამები აღნიშნული საქმის გამომძიებლების მიერ შესაძლებელია გარკვეული სახის ფსიქოლოგიურ ზეწოლად აღიქმებოდეს”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
ორგანიზაციის მტკიცებით, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასთან ერთად, პრეზიდენტმა არც ის გაითვალისწინა თუ რა სიმძიმის მორალურ ზიანს მიაყენებდა მისი გამონათქვამები გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს.
საია ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების მიმართვის საფუძველზე, სარჩელით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ზურა ვაზაგაშვილის პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე.
14.05.13