თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საახალწლოდ გასამართი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ საახალწლო ღონისძიებები მხოლოდ გართობასა და მხიარულებას არ გულისხმობს და მათი უმრავლესობა ზნეობრივ, მორალურ და მაღალკულტურულ ფასეულობებზეა აგებული.
დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას, ახალგაზრდა ხელოვანების მასტერკლასებსა და სოციალურად დაუცველი პირებისთვის სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე უფასოდ დასწრებას ითვალისწინებს.
დედაქალქის საკრებულოს მხარდაჭერით, “იუმორინას“ მოყვარულებს საშუალება მიეცემათ 27 დეკემბერს კვლავ დაესწრონ კონცერტს, სადაც ძველი სახეების გარდა მაყურებელი სამ ახალგაზრდა დებიუტანტსაც გაიცნობს.
მარჯანიშვილის თეატრში კი, 17 დეკემბერს უჩვეულო კონცერტი “ჟესტური სამყარო“ გაიმართება, რომელშიც ყრუ და სმენადაქვეითებული ბენეფიციარები მიიღებენ მონაწილეობას.
ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის უფასო მუსიკალური საღამო გაიმართება მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც, სადაც თანატოლებს სცენიდან უკვე გამოჯანმრთელებული ბავშვები გაამხნევებენ.
სოციალურად დაუცველ ადამიანებს საახალწლო განწყობას გია ყანჩელის მუსიკაც შეუქმნის. 8 იანვარს დაგეგმილ კონცერტზე დასასწრებად, დედაქალაქის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით, ასობით ბენეფიციარსა და შშმ პირს დაურიგდება მოსაწვევი.
საახალწლო მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამოც ცატარდება, რომელიც საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II იუბილეს მიეძღვნება. კონცერტი 4 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და მას 100 სტუდენტი და ათეულობით სოციალურად დაუცველი პირი უსასყიდლოდ დაესწრება.
“ყველა კულტურული ღონისძიება, რომელსაც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ მხარი დაუჭირა ორიენტირებულია ახალგაზრდა ხელოვანების წახალისებაზე და მათი სამომავლო კარიერის განვითარებაზე. ამიტომ როდესაც ვხედავთ, რომ პროექტი ითვალისწინებს მასტერკლასებს, კომისია მოწოდებულია ხელი შეუწყოს და განავითაროს აღნიშნული მიმართულებები. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაბალი ფენისთვის ხელმისაწვდომი იყოს მოსაწვევები, ამიტომ ყველა ღონისძიების ორგანიზატორს ვთავზობთ გამოიჩინონ კეთილი ნება და როგორც სოციალურად დაუცველი, ასევე შშმ პირებისათვის გამოყონ რამდენიმე უფასო ბილეთი, რაშიც დედაქალაქის საკრებულო და მერია აუცილებლად გამოუცხადებს მხარდაჭერას“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
11.12.14