საყდრისის ტერიტორიაზე სამუშაოების განახლება „საყდრისის დაცვის კომიტეტმა“ გააპროტესტა. აქციის მონაწილეები შეეცადნენ, სამუშაოების დაწყებისთვის ხელი შეეშალათ და მათ პროტესტს სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
„მარცხდებოდა ეს კომპანია სასამართლოში და ეს გააკეთეს- სასამართლოს გვერდის ავლით დაიწყეს საყდრისის ნგრევა და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, ჩამოვიდნენ და დაიცვან საყდრისი.
ეს არის უკანონო გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის, რომელიც არის კიტოვანის სიძე. კიტოვანმა დაანგრია თბილისი და ბატონი გიორგაძე ანგრევს საყდრისს“,-აცხადებს „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრი ირაკლი მამალაძე.
ცნობისთვის, კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახალა. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება გაავრცელა.
“2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე კომპანია „არემჯიმ“ განაახლა სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე.
გადაწყვეტილებები მიღებული იქნა იმის საფუძველზე, რომ კანონის შესაბამისად, მოხდა ობიექტის ნაწილის სრული არქეოლოგიური შესწავლა. დარჩენილი ნაწილზე დამატებითი კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო ობიექტზე არსებული ავარიული მდგომარეობისა და ნგრევის საფრთხის გამო, რასაც ადასტურებს შესაბამისი გეოლოგიური დასკვნა. ამასთანავე, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის შესაბამისად, ობიექტზე არ იყო მოსალოდნელი თვისობრივად ახალი არტეფაქტების აღმოჩენა”, -ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
13.12.14