იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ერთ-ორ წელიწადში, ჩვენ გვეყოლება მოსამართლეთა ღირსეული კორპუსი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სისხლის სამართლის პროცესის მიმართ არანაირი კითხვები აღარ იყოს. ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა.
თეა წულუკიანმა ისაუბრა იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და აღნიშნა, რომ რეალურად პროგრესი არის ხელშესახები და ახლა მთავარია, იგი თითოეულმა ქართველმა თავის თავზე იგრძნოს.
“ეს ძალიან მალე უკვე შედეგს გამოიღებს. რაც შეეხება მომავალ პროცესებს, იქნება ეს ეუთოს, ევროკავშირის ფარგლებში, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულება, მოსამართლეები იყვნენ თავისი ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებელი, რომ ის აღქმაც კი არ არსებობდეს, რომელიც შეიძლება ხანდახან რომელიმე პროცესს ჩრდილს აყენებდეს. როგორც ODIHR-ის დასკვნა აჩვენებს, ახლა მთავარია, რომ რეკომენდაციები, რომლებიც გაიცა, უკვე სასამართლოს შიგნით რეფორმირებას მოემსახუროს და ამის შემდეგ, მე ვფიქრობ, ერთ-ორ წელიწადში ჩვენ გვეყოლება მოსამართლეთა ღირსეული კორპუსი, რომელიც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არც ერთი სისხლის სამართლის პროცესის მიმართ აღარ იქნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
15.12.14