გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ ოჯახებს ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით 200 ლარი გამოეყოფათ. შესაბამისი გადაწყვეტილება მათ საჭიროებებზე რეაგირებისთვის შექმნილმა დროებითმა სამთავრობო კომისიამ მიიღო.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 335 400 ლარი გამოიყო.
“მათ შორის: გორის მუნიციპალიტეტს – 1 394 800 ლარი; ქარელის მუნიციპალიტეტს – 646 600 ლარი; კასპის მუნიციპალიტეტს – 111 000 ლარი; საჩხერის მუნიციპალიტეტს – 85 400 ლარი; ხაშურის მუნიციპალიტეტს – 69 600 ლარი და ონის მუნიციპალიტეტს – 28 000 ლარი გამოეყოფა”, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სახსრები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გადაერიცხებათ, რომლებიც შემდეგ უზრუნველყოფენ ბენეფიციარების ანგარიშებზე თანხების დარიცხვას.
18.12.14