საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებები დასრულდა.
ორდღიანი მოლაპარაკებების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა, ანეტე ზაიდელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
“გერმანული მხარე განაგრძობს საქართველოს 20-წლიანი დახმარების პროცესს. დღეს ხელი მოეწერა ახალ დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი რესურსების გამოძებნას კავკასიის რეგიონში, მათ შორის, საქართველოში. ეს თანხები მოხმარდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, მყარი ნარჩენების მართვას, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას. ეს არის, როგორც გრანტი, ისე შეღავათიანი კრედიტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გერმანულ მხარეს აქვს აბსოლუტური ნდობა და მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ოქმს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ლეჟავამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა, ანეტე ზაიდელმა.
“საქართველოსთან 1992 წლიდან ვთანამშრომლობთ. ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორისაა მდგრადი ეკონომიკური განვითარება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელშეწყობა. საქართველო წარმატებულად ახორიელებს ამ პროექტებს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მომავალშიც ჩვენ ძალიან წარმატებულ ნიადაგზე გავაგრძელებთ თანამშრომლობას”, – ანეტე ზაიდელმა.
მოლაპარაკებებისას მხარეებმა განიხილეს გერმანიის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარე სტატუსი, ასევე, გერმანიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების სამომავლო გეგმები, კერძოდ, განისაზღვრა ის პრიორიტეტული მიმართულებები და პროექტები, რომლებიც გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართული უწყებები და ორგანიზაციები, ხოლო გერმანიის მხრიდან – გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები.
მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ბოლო მოლაპარაკებები თბილისში 2011 წლის 19-20 ოქტომბერს შედგა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოა. გერმანიის მთავრობის დავალებით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება საქართველოში ახორციელებენ განვითარების პროექტებს – გრანტების, შეღავათიანი სესხების და ტექნიკური დახმარების სახით.
ერთობლივი პრესკონფერენციის დაწყებამდე ნოდარ ხადურმა და ანეტე ზაიდელმა პატივი მიაგეს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.
16.05.13