“მცირე და საშუალო ბიზნესი დასუფთავების ჯარიმებისგან გათავისუფლდება”,- აღნიშნული განცხადება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეპუტატის ინფორმაციით, 2014 წ. 22 სექტემბერს “თბილსერვისჯგუფის’’ ხელმძღვანელობამ დედაქალაქში დასუფთავების მოსაკრებლის პასპორტიზაცია მოახდინა, რომლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ასეულობით ობიექტი დასუფთავების მოსაკრებელს შემცირებული ტარიფით იხდიდა.
შესაბამისად, ყველა ასეთ ობიექტზე ჯარიმის დაკისრება მოხდა, რომლის ოდენობამ 100 დან 20 000 ლარამდე შეადგინა.
“აქედან გამომდინარე, თბილისის მერისა და საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივით, დაახლოებით, 1 თვის წინ სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და პოლიტიკური შეთანხმების შედეგად 2013 წლის დადგენილებაში მოხდება ცვლილებების შეტანა. საბოლოო რეკომენდაციებს, რომლის თანახმადაც მცირე და საშუალო ბიზნესი ჯარიმებისგან გათავისუფლდება, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავიტანთ ’’,-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დღესვე მეორე ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის თანახმად თბილისში მუნიციპალური ბიბლიოთეკების, მუზეუმების და სახელოვნებო სკოლებში მომუშავე 2000-მდე თანამშრომელი მე-13 ხელფასს მიიღებს.
ჯაბა სამუშიას თქმით, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისია მუშაობს მე-13 ხელფასის გაცემის საკითხთან დაკავშირებით, რათა მოხდეს 2000-მდე თანამშრომლისთვის ხელფასის დარიცხვა.
“ეს წაახალისებს აღნიშნული მუნიციპალურ სამსახურებში მომუშავე დაბალი ანაზღაურების მქონე თანამშრომლებს’’,-აცხადებს სამუშია.
როგორც საკრებულოს წევრმა განმარტა, მე-13 ხელფასი მერიის მიერ დაფუძნებულ 100%-იანი წილის მქონე ორგანიზაციებში უკვე გაიცა, კერძოდ, ბაღებზე, “თბილსერვის ჯგუფზე”, და სატრანსპორტო ორგანიზაციაზე, რაც სამუშიას განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივა იყო.
26.12.14