”თბილისი თაიმსის” რედაქციაში შემოვიდა რამოდენიმე ზარი, მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ტექნიკის რამდენიმე მაღაზიაში არსებული ფასდაკლელების შესახებ შეიტყვეს თუმცა, მისულებს სულ სხვა ფასები დახვდათ. ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, ფასდაკლება ტელევიზორებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ვრცელდებოდა, რაც მისი განცხადებით, სრული აფიორა აღმოჩნდა და მას ტელევიზორის შეძენა ჩვეულებრივ ფასად მოუწია.
”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა საახალწლოდ მომხარებლებს რეალურად რა ფასდაკლებებს სთავაზობენ ტექნიკის მაღაზიები, ვტყუვდებით თუ არა იმ ფერადი რეკლამებით, რომლებიც 50%-70%-იან ფასდაკლებებს გვპირდება.
გამოიკითხა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ბაზარზე არსებულმა ხუთმა მსხილმა კომპანიამ:
მაია მამულაშვილი Techno Boom – ის PR მენეჯერი:
”ტექნო ბუმის” მაღაზიათა ქსელი პირველია ქართულ ბაზარზე, რომელმაც მომხმარებელს ყველაზე დაბალი ფასის გარანტია შესთავაზა იმის გამო, რომ მომხმარებელი დავიცვათ აფიორისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მაღაზიათა ქსელში ტექნიკის შეძენიდან ერთი თვის მანძილზე შეგიძლიათ ფასი ნებისმიერ ქსელში გადაამოწმოთ და თუ სხვაობას აღმოაჩენთ „ტექნო ბუმი“ სხვაობის გაორმაგებულ თანხას დაგიბრუნებთ. ნებისმეირი მომხმარებელი მსოფლიო ბრენდის ნებისმეირ ტექნიკას ჩვენს ქსელში ნამდვილად ყველაზე დაბალ ფასად შეიძენს და გარდა ამისა, მომხამრებელი ჩაერთვება გრანდიოზულ უპრეცენდენტო გათამაშებაში, სადაც გასათამაშებელი დარჩა ორ ოთახიანი ბინა თბილისში, ორი ავტომობილი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და გათამაშების ფინალში – ნახევარი მილიონი ლარი.”
ნუკი ბაინდურაშვილი, Elit Electronics- ის PR მენეჯერი:
”ყოველთვის არის ფასდაკლება იმ პროდუქციაზე, რაზეც შეტყობინებები იგზავნება, არის მოდელები, რომლებზეც ფასდაკლება არ ვრცელდება. რეკლამებში არის კონკრეტული მოდელები მითითებული, გამორიცხულია რომელიმე ფილიალში ამ მოდელებზე ფასდაკლება არ ყოფილიყო, თუმცა ვიმეორემ შესაძლებელია იგივე ბრენდის სხვა მოდელებზე არ ვრცელდებოდა საახალწლო ფასდაკლება. ამ ეტაპზე „ელიტ ელექტრონიქსი“ 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებლებს, გვაქვს საუკეთესო ფასი და შეთავაზებები. მსგავს აფიორებზე არაფერი გვსმენია.”
გიორგი ლაკირბაია, Metromart – ის მარკეტინგისა და PR მენეჯერი:
”როდესაც ფასდაკლებები არის კონკრეტულ სეგმენტზე, მაგალითად საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ან მობილურ ტელეფონებზე, არის შემთხვევები, როდესაც მთლიან პროდუქციაზე არ ვრცელდება ფასდაკლება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ მომხმარებელს ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფასდაკლებაა პირობითად საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ან მობილურებზე, ხდება ისე, რომ მომხმარებელი შეცდომაში შედის, მას უნდა რაღაც კონკრეტული მოდელის ტექნიკა ან მობილური და მასზე ფასდაკლება არ ვრცელდება. მოგეხსენებათ „მეტრომარტში“ არის ტექნიკის ძალიან ფართო ასორტიმენტი და ყველაფერზე ერთდროულად ფასდაკლება არ ხდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული აქციის ფარგლებში თითქმის ყველა სახის ტექნიკაზე გვაქვს ფასდაკლება. ძალიან ხშირად მსმენია სხვა ტექნიკის მაღაზიების აფიორებთან დაკავშირებით, როდესაც რეკლამა რაღაც კონკრეტულ ფასდაკლებას გვთავაზობს, რომელიც რეალობას არ შეესაბამება.”
თიკო დიდავა, ARAY Tomorrow -ს PR მენეჯერი:
”როდესაც ფასდაკლებები ცხადდება, შეუძლებელია მომხმარებელს ისევ ძველ ფასად მოუხდეს ტექნიკის შეძენა, მიმდინარე აქციებზე რეალურად არის ფასდაკლებები, ერთადერთი შესაძლებელია ეს დავუკავშიროთ დოლარის კურსის ზრდას. ჩვენ პროდუქცია დოლარში გვაქვს შეძენილი და ამან გავლენა იქონია ტექნიკის ფასზე, ფასდაკლებები იგივეა, უბრალოდ ძველ ფასთან შედარებით გაიზარდა ტექნიკის ღირებულება დორალის კურსის მატების გამო.
არაის რამდენიმე წინასაახალწლო აქციაა აქვს, მათ შორის არის მწვანე აქცია, რომლის ფარგლებშიც მწვანე ბაფთებით გაფორმებული პროდუქცია მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სასურველ ფასად, ანუ არის ე.წ შევაჭრების საშუალება. ლურჯი ბაფთებით გაფორმებულ პროდუქციის ანალოგს მომხამრებელი სხვა ტექნიკის მაღაზიებში იგივე ფასად ვერ შეიძენს. ასევე გვაქვს სასაჩუქრო კალათები, რომლებიც წვრილმანი ტექნიკისგან შედგება და მომხმარებელს მათი შეძენა 10 და 20 ლარად შეუძლია.”
„თბილისი თაიმსი“ ასევე დაუკავშირდა ტექნიკის მაღაზიათა ქსელს – OK -ს და Smiley -ს, კომპანიის წარმომადგენლებმა კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს.