სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის ოქტომბერში, საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების სავაჭრო ბრუნვისა და სასაქონლო სტრუქტურის განსაზღვრის მიზნით, სპეციალური სტატისტიკური გამოკვლევა ჩაატარა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გამოკვლევამ საქართველოს მთელი ტერიტორია მოიცვა. გამოკვლევის ობიექტს ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტები წარმოადგენდა. 2014 წლის ოქტომბერში საქართველოში ფუნქციონირებდა 215 ბაზარი და ბაზრობა, რომელ
თა 28.8% თბილისშია განლაგებული, 21.9% _ იმერეთის რეგიონში, 11.2% _ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 10.2% – კახეთში, ხოლო დარჩენილი 27,9% სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
2014 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ ბაზრებზე ვაჭრობდა 49.6 ათასი ფიზიკური პირი, რომელთაგან 96.6% _ საცალო, ხოლო 3.4% საბითუმო ვაჭრობით იყო დაკავებული. ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა თბილისი (40.2 %), მეორე ადგილზე _ აჭარის რეგიონი (12.8 %), მესამეზე კი – იმერეთი (11.9%).
ოქტომბერში საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე საცალოდ და საბითუმოდ მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ რეალიზებულია 172.1 მლნ. ლარის ღირებულების სამომხმარებლო საქონელი (ავტომობილების გარეშე), აქედან, საცალოდ რეალიზებულია საქონლის 92.8%, საბითუმოდ – 7.2%. ამასთან, რეალიზებული საქონლის 26.4% სასურსათო საქონელია, 24.3% _ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, 14.8% – ავეჯი, საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქონელი, 11.2% – სამშენებლო მასალები და სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობები, 9.3% _ საიუველირო ნაკეთობები, 5.5% _ სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილები. ოქტომბერში ავტომობილებით მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების საცალო ვაჭრობის მოცულობა 35.0 მილიონი ლარის ოდენობით შეფასდა.
30.12.14