საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს, ასევე, იმსჯელეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, აფხაზეთსა და რუსეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე. გიორგი მარგველაშვილმა იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რაც უკრაინაში მოხდა, გარკვეულწილად 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ქმედებების გაგრძელებაა. “ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსობრივი დისკუსია და მსჯელობა საქართელოს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ვექტორის – ევროპული ვექტორის შესახებ და იმ ძირითადი მიმართულებებისა და ნაბიჯების შესახებ ვიმსჯელეთ, რომელიც ამ თვალსაზრისით უახლოეს მომავალში უნდა გადავდგათ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან. “ასოცირების ხელშეკრულება არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ახლა საქმე ეხება იმპლემენტაციას. მაგრამ ასევე ძალიან სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს და შეასრულებს უფრო გამორჩეულ როლს, როგორც აღმოსავლეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელს. საქართველოს შეუძლია იყოს არბიტრი ორ მხარეს, ორ რეგიონს შორის და ეს შესაძლოა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო როლი საქართველოსათვის მომავალში”, -განაცხადა ევროკომისარმა. 16.01.15