საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი და მრავალფეროვანია. მისი შესწავლა, ფასებისა და ბაზრის კვლევა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში.
საქართველო ნავთობროდუქტებით მდიდარი არაა და ამ პროდუქციის იმპორტირება, რა თქმა უნდა, საზღვარგარეთიდან ხდება. ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ომისა თუ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საწვავზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში განხორციელებული იმპორტის უმსხვილეს სასაქონლო პოზიციებში პირველ ადგილს ნავთობრპოდუქტები იკავებს, მას ჩამოუვარდება ავტომობილების იმპორტი.
დღეისათვის საწვავის ქართულ ბაზარზე რამდენიმე ათეული კომპანია მოქმედებს. მათი უმეტესობა ბაზრის უმნიშვნელო წილს ფლობს, რეალურად კი დაახლოებით, ხუთი კომპანია დომინირებს. ეს კომპანიები ნავთობის იმპორტს აზერბაიჯანიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან, იტალიიდან და ბულგარეთიდან ახორციელებენ. ამ კომპანიებს შორის არის „ლუკოილი“, რომელიც საქართველოში უკვე თვრამეტი წელია ფუნქციონირებს, 2002 წელს კი იგი ახალი, „ლუკოილ ჯორჯიას“ სახელით გამოჩნდა. მას ნავთობი ბულგარეთის თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოაქვს. მისი ავტოგასამართი სადგურების ქსელი მუდმივად ფართოვდება და მრავალრიცხოვან კორპორაციულ მომხარებლებს საბარათე სისტემის მეშვეობით ემსახურება.
კომპანიის ისტორიისა და მიზნების შესახებ, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, ეკოლოგიური პრობლემის დაძლევის გზებსა და სამომავლო გეგმებზე „თბილისი თაიმსს“ „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე ესაუბრა.
როდის ამოქმედდა კომპანია „ლუკოილ-ჯორჯია“ საქართველოში და როგორია მისი დაარსების ისტორია?
– საქართველოში ”ლუკოილი” 1997 წლიდან მოღვაწეობს, ხოლო 2002 წლის მარტიდან კი უკვე შპს. ”ლუკოილ ჯორჯიას” სახელით არის წარმოდგენილი. წლიდან წლამდე იზრდებოდა კომპანიის აქტივობაც, როგორც ქსელში, ისე კორპორატიული მიმართულებით. ჩვენი მიზანია,უზრუნველვყოთ საქართველოს ბაზარი უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებით და მომხმარებელს საუკეთესო მომსახურებასთან ერთად მუდმივი სიახლეები და სასურველი პირობები შევთავაზოთ. დღეს, ”ლუკოილ ჯორჯია” ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი და დამსაქმებელია საქართველოში.
რა უპირატესობები გააჩნია თქვენს კომპანიას სხვებისგან განსხვავებით და რა სახის სოციალურ პროექტებს ახორციელებთ?
– ”ლუკოილ ჯორჯიას” უპირატესობა, პირველ რიგში, არის საწვავის მაღალი ხარისხი, რომელიც შეესაბამება უკანასკნელ ევროპულ სტანდარტებს. ბოლო 6 წლის განმავლობაში კომპანია მომხმარებელს ”ევრო 5” სტანდარტების შესაბამის საწვავს სთავაზობს. ვისაც ერთხელ მაინც გამოუყენებია ლუკოილის პროდუქცია საკუთარი ავტომობილისთვის, ის აუცილებლად დაადასტურებს ამას.
დღესდღეობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალ ხარისხთან ერთად, ლუკოილი მომხმარებელს საწვავს აწვდის ყველაზე შეღავათიან ფასად ქართულ ბაზარზე. ეს იმის შედეგად ხდება, რომ კომპანია პროდუქციის იმპორტს ახდენს ბულგარეთიდან, მისივე კუთვნილი, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან. აღსანიშნავია, რომ დამატებით გვაქვს, ასევე, პერიოდული აქციები და ფასდაკლებებიც.
რაც შეეხება სოციალურ პროექტებს – მისი არსებობის ისტორიის განმავლობაში, ”ლუკოილ ჯორჯია” არაერთხელ იქნა დასახელებული ქველმოქმედ კომპანიად ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სექტორში.
კომპანიის საქველმოქმედო საქმიანობის ასპარეზია, როგორც მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახები და მოხუცთა თავშესაფრები. ამის გარდა, ვაწყობთ სპორტულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანიც არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია-წახალისება. წლების განმავლობაში ”ლუკოილ ჯორჯიას” ორგანიზებით ტარდებოდა საკმაოდ მასშტაბური ჩემპიონატები ჯომარდობაში, ფიგურულ სრიალში. ბოლო პერიოდში უფრო ავტო სპორტზე, ავტორბოლებზე გვაქვს აქცენტი გამახვილებული.
როგორც ცნობილია, კომპანია ლუკოილ-ჯორჯია საწვავის გარდა ახორციელებს საავტომობილო ზეთების იმპორტსაც, რამდენად მომგებიანია კომპანიისთვის ეს საქმიანობა და რამ განაპირობა ამ გადაწყვეტილების მიღება?
– ლუკოილის ზეთმა მალევე მოიპოვა პოპულარობა საქართველოში და დღეს ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ლუკოილის ზეთის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი გარანტირებულად იღებს უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, რომელმაც მკაცრი კონტროლი გაიარა.
დადგენილია, რომ ლუკოილის ზეთები ხელს უწყობს ავტომობილის ენერგიის დაზოგვას, ამცირებს საწვავის ხარჯს, მავნე მინერალების შემცველობა კი მასში ნულამდეა დაყვანილი. აღსანიშნავია, რომ ლუკოილის პროდუქცია არ იყინება სიცივეში და არ დუღდება ზაფხულში, ანუ ინარჩუნებს ხარისხს ყველა კლიმატში. დღეს ლუკოილის საავტომობილო ზეთები რეკომენდებულია ბევრი წამყვანი საავტომობილო ბრენდის მიერ, მაგალითად:Mercedes, BMW, Wolkswagen, Ford და ა.შ.
თქვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ ლუკოილისთვის მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები, რა სამოქალაქო აქტივობებს ან ღონისძიებებს ატარებს კომპანია ამ კუთხით?
– გარემოსა და ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვა, პირველ რიგში, ნაკლებად მავნე საწვავის რეალიზებით ხორციელდება. უახლოეს წარსულში, ”ლუკოილ ჯორჯიამ” მომხმარებელს საწვავის ახალი დანამატი შესთავაზა, ecto, სლოგანით – ”სისწრაფის ფორმულა”. ეს არის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს: მავნე გამონაბოლქვის შემცირებას, სიმძლავრის ზრდას, ეკონომიურობას, ძრავის ექსპლუატაციის ხანის გახანგრძლივებას, ზეთის შეცვლის ვადის გახანგრძლივებას, ინჟექტორში ნადების შემცირებას, კოროზიის შემცირებას, შეფრქვევის სისტემის ცვეთის შემცირებას, საწვავიდან სინესტის გამოდევნას და ა.შ.
ecto-ს უმაღლესი ხარისხი დადასტურებულია დიდ ბრიტანეთში დამოუკიდებელი საერთაშორისო ცენტრის ”Tickford Power Train Test Ltd”- ს მიერ. აკმაყოფილებს ევროკავშირის გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ამ დანამატს ვიყენებთ სუპერზე, პრემიუმ ავანაგრდსა და ახლა უკვე, ევრო დიზელზეც. ლუკოილის საწვავი არ შეიცავს ტყვიის დანამატს. არსებული არომატიზირებული ნახშირწყალბადებისა და გოგირდის (ჯანმრთელობისთვის საზიანო) შემცველობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საქართველოში მოქმედი შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნები.
რომელი კომპანიები წარმოადგენენ ლუკოილ-ჯორჯიას პარტნიორებს და რა სახის თანამშრომლობა გაქვთ ამ კომპანიებთან?
– ”ლუკოილს ჯორჯიას” პარტნიორებს წარმოადგენენ, როგორც ქვეყნის ყველაზე ცნობადი კომპანიები, ასევე შედარებით მცირე მომხმარებლები. მათი სპექტრი ძალზე ვრცელი გახლავთ – სამშენებლო კომპანიებიდან დაწყებული, დიპლომატიური წარმომადგენლობებით დასრულებული. აღსანიშნავია, რომ ლუკოილი გახლავთ სახელმწიფოსათვის საწვავის უმსხვილესი მიმწოდებელი – უკვე წლებია, რაც სატენდერო კონტრაქტების საფუძველზე კომპანია აწვდის უმაღლესი ხარისხის საწვავს ასეულობით სახელმწიფო შემსყიდველს.
რამდენად კომფორტულია თქვენთვის ამ სეგმენტზე ქართული ბაზარი და როგორ ფიქრობთ, რომელია თქვენი პირველი კონკურენტი კომპანია?
– ზოგადად ძალზე კონკურენტული გარემოა და იმის გამო, რომ ბაზარზე არსებულ ყველა კომპანიას თავისი სტრატეგია გააჩნია, ყველა მათგანი თავისებურ ანალიზს მოითხოვს კონკურენციის კუთხით.
აპირებს თუ არა კომპანია ლუკოილ-ჯორჯია გაფართოებას და რა სახის გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
– დიახ, გაფართოვება იგეგმება იმ რაიონებში, სადაც ლუკოილის სავაჭრო ნიშნით მოქმედი ავტოგასამართი სადგურები, ჯერჯერობით, წარმოდგენილი არ არის.
ესაუბრა ნათია კეკენაძე