„საქართველოში არსებული უნივერსიტეტების ავტორიზაციის სტანდარტები ითვალისწინებს მინიმალურ მოთხოვნებს, მაშინ როდესაც ინსტიტუციური აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილების მინიმალური ზღვარი ევროპაში უფრო მაღალია“, – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.
„ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცეში, ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი დაფუძნებულია „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებზე.” აკრედიტაციის მექანიზმთან დაკავშირებით, საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკა ემყარება ევროპული აკრედიტაციის სააგენტოების მიერ გამოყენებულ პრაქტიკას, მათ შორის, იდენტურია აკრედიტაციის პროცედურა და იკვეთება არსებითი მსგავსება სტანდარტების კუთხით. რაც შეეხება ავტორიზაციას, საქართველოში არსებული ავტორიზაციის პროცესი მსგავსია ევროპაში მოქმედი ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესისა. თუმცა, საქართველოში ავტორიზაციის სტანდარტები ითვალისწინებს მინიმალურ მოთხოვნებს, მაშინ როდესაც ინსტიტუციური აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილების მინიმალური ზღვარი ევროპაში უფრო მაღალია“ – აცხადებენ ცნტრში.