ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით პირველი სექტემბრიდან ყველა კატეგორიის პენსია 10 ლარით გაიზრდება და 160 ლარს გაუტოლდება. ”თბილისი თაიმსი” შეეცადა გაერკვია რამდენად საკმარისია პენსიონერისთვის, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, 160 ლარი თვიდან თვემდე თავის გასატანად, ასევე ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია რა მექანიზმებით დგინდება საარსებო მინიმუმი და რა არის სამომხმარებლო კალათა. ”თბილისი თაიმსმა” აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეფასება სთხოვა – სოციალური მომსახურების სააგენტოს, ეკონომიკის დარგის ექსპერტებსა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გაიოზ თალაკვაძე აცხადებს, რომ პენსიის ზრდა სოციალური კატეგორიით არ მოხდა, მაგრამ სახელმწიფოს სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის რამდენიმე სპეციალური პროგრამა აქვს:
”მოგეხსენებათ რომ, სოციალური მომსახურების სააგენტო ამ პროცესში მხოლოდ აღმასრულებელია. რა თქმა უნდა, პენსიების ზრდის ფაქტი კარგია და მისასალმებელია. ეს ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და პენსიების ზრდა მომავალშიც გაგრძლდება. გვესმის, რომ პენსიონერებს სხვა, გაცილებით მეტი საჭიროება აქვთ. სპეციალურად პენიონერებისთვის მიზნობრივი პროგრამები არ არსებობს, მაგრამ მოგეხსენებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პენსიონერების სამედიცინო მომსახურების ხარჯებს თითქმის სრულად ანაზღაურებს, (90%- ყველანაირი სამედიცინო სერვისი), ხოლო სოციალურად დაუცველი პენსიონერების შემთხვევაში 100%-ით ანაზღაურებს. სოციალურად დაუცველი, მარტოხელა პენსიონერებისათვის სახელმწიფოს აქვს სპეციალური სერვისი – სათემო ორგანიზაციები, სადაც მოხუცებს ოჯახურ გარემოში შეუძლიათ ცხოვრება და ყველა მომსახურების მიღება. მთავრობა დამატებით მუშაობს იმაზე, თუ კიდევ რა სერვისების შეთავაზება შეიძლება მოხუცებისათვის, მათ შორის ჯანდაცვის მიმართულებითაც. დიახ, პენსიის ზრდა სოციალური კატეგორიით არ მოხდა და პენსია ყველასათვის გაიზარდა. სოციალურად დაუცველი პენსიონერების სერვისებზე ზემოთაც მოგახსენეთ. გარდა იმისა, რომ ჯანდაცვა მათთვის სრულად ხელმისაწვდომია, მათ ასაკობრივ პენსიებთან ერთად საარსებო შემწეოებაც ეძლევათ. ახლა მოქმედი მეთოდოლოგიით, სოციალურად დაუცველი ოჯახის უფროსი წევრი 60 ლარს იღებს, ყოველი მომდევნო წევრი 48 ლარს, გაზაფხულიდან ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდება და სოციალურად დაუცველების მდგომარეობა ახალი წესით გადამოწმდება,“ – აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი.
ეკონომიკური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ექსპერტი რომან გოცირიძე მთავრობას პენსიონერების მიმართ ახალი პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდებს:
რომან გოცირიძე : ”პენსიის 10 ლარით გაზრდა არ იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან ეს იყო არა პენსიის მატება, არამედ ინდექსაცი, გაუფასურებული ღირებულების აღდგენა. მთავრობისთვის სხვა რამ არის უფრო მნიშვნელოვანი. ბოლო ორი წლის და მიმდინარე, მესამე წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობის დიდი ოდენობით სუბსირება, დახმარება ბიზნესისათვის, სპორტისათვის და სხვა მიმართულებით, ასევე სახელმწიფო დაზღვევის სისტემის განვითარება. მნიშვნელოვნად მატულობს ბიუროკრატია და მათი ხელფასები.
მთავრობის მიერ დაფინანსებული ზოგი პროგრამა კარგია, ზოგიც ცუდი, მაგრამ ვერავითარი გამართლება ვერ მოეძებნენა პენსიონერთა ასეთი იგნორირების ფაქტს. თუ 2016 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდა ისევ სექტემბრის თვეში შევა ძალაში, მისი სიდიდის მიუხედავად, ის ვერ იქნება საარსებო მინიმუმის ტოლი. თუ დავაკვირდებით ეკონომიკის ზრდის დაბალ ტემპს და საბიუჯეტო პრობლემებს, წელიწადისა და 9 თვის შემდეგ პენსია 180-190 ლარი თუ იქნება საუკეთესი შემთხვევაში, რომლის რეალური მყიდველობითუნარიანობის განსაზღვრა წინასწარ ძნელია. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების საპენსიო დაპირებები უტოპიური აღმოჩნდა. პენსიონერების მიმართ მთავრობამ ახალი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს“.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაია აღნიშნავს, რომ დოლარის კურსის მატებასთან ერთად საარსებო მინიმუმი რეალურად უფრო მეტს შეადგენს და სამომხმარებლო კალათაც გაცილებით უფრო გაძვირებულია:
„საარსებო მინიმუმის გადახედვა არ მომხდარა ლარის კურსის დევალვაციის პროცესის პირობებში, რეალურად საარსებო მინიმუმი გაზრდილია, პენსია არ უტოლდება საარსებო მინიმუმს სექტემბრიდან, რადგან საარსებო მინიმუმი სინამდვილეში ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის თანხა, რაც უნდა მიიღონ პენსიონერებმა სექტემბრიდან. პენსიის ზრდა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად უნდა ხდებოდეს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი არის დაბალი, პენსიის ზრდა ხდება სხვა სოციალური პროექტების შემცირების ხარჯზე, მაგალითად, უკან დაბრუნებული საშემოსავლო გადასახადის გაუქმების ხარჯზე. თუ სხვა სოციალური პროექტები შემცირდება მაშინ შესაძლებელია პენსიები გაიზარდის, პრინციპში, თუ მთავრობის მიერ მიღებული პრემიების ოდენობა შემცირდება, რა თქმა უნდა პენსიაც გაიზრდება. მახსოვს, შევარდნაძის პერიოდში პენსიონერს ქონდა პენსია 20 ლარი, რომელსაც არც კი იღებდა. საზოგადოებასი არსებობს ოჯახური მეურნეობები, ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიანდა ამის ხარჯზე ცხოვრობენ,“ – განმარტავს ექსპერტი.
”თბილისი თაიმსი” შეეცადა გაერკვია თუ რა მეთოდოლოგიით გამოითვლება საარსებო მინიმუმი და რა შემადგენლობისაა მინიმალური სასურსათო კალათა. ამისათვის ჩვენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მივმართეთ:
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური: ”საარსებო მინიმუმი დგინდება სასურსათო კალათის საფუძველზე, რომელიც არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა და შეიცავს შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვებ პროდუქტებს. თავდაპირველად ხდება მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულების დათვლა საქართველოს 5 ქალაქის ფასების საფუძველზე. (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი.) საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებლად მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება იყოფა 0,7-ზე (საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით, შესაბამისად, არასასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 30%-ით). მიღებული რიცხვი წარმოადგენს მოცემულ თვეში საარსებო მინიმუმის ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის,” – აცხადებენ საქსტატში.
საქართველოს სტატისკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, მინიმალური სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების რეკომენდირებული სია ასე გამოიყურება: ხორბლის პური, ხორბლის ფქვილი, სიმინდის ფქვილი, ლობიო, ბრინჯი, ბურღული, მაკარონის ნაწარმი, ძროხისა და ხბოს ხორცი, ღორის ხორცი, ფრინველის ხორცი, შინაური ფრინველი,თევზი, ძეხვეული, რძის პროდუქტები, კვერცხი (0,5 ცალი დღეში), ცხოველური ცხიმი, მცენარეული ზეთი, თესლოვანი კურკოვანი და სუბტროპიკული ხილი, საზამთრო, ნესვი, გოგრა, პომიდორი, ხახვი, ნიორი, ბადრიჯანი, კომბოსტო, ჭარხალი, კარტოფილი, შაქარი, მურაბები, საკონდიტრო ნაწარმი, სამამულო ღვინო, ჩაი, მარილი. შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი კი 159,6 ლარს შეადგენს.
”თბილისი თაიმსი” ასევე ესაუბრა სოციალურად დაუცველ ოჯახს, მათ გავაცანით სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული სამომხმარებლო კალათა და შევადარეთ მათი ოჯახის თვიურ კალათას.
მაისაშვილების 8 სულიანი ოჯახი თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ცხოვრობს, ოჯახის არცერთი წევრი დასაქმებული არ არის, მათი ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული პენსია და სოციალური დახმარებაა. ოჯახის ყველაზე უფროსი წევრი ნათელა მაისაშვილი ასაკობრივ პენსიასთან ერთად სოციალურ დახმარებასაც იღებს, სულ – 210 ლარი, ოჯახის დანარჩენი წევრები კი – 48 ლარს. ჯამში მაისაშვილების ოჯახის თვიური შემოსავალი 546 ლარს შეადგენს. როგორც ქალბატონი ნათელა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ეს თანხა მთლიანად კომუნალურ გადასახადებსა და მედიკამენტებში იხარჯება. მინიმალური სასურსათო კალათაში შემავალ პროდუქტებზე კი ქალბატონმა ნათელამ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მათთვის ფუფუნება იქნებოდა.
ნათელა მაისაშვილი: ”რვა სული ორ ოთახიან ბინაში ვცხოვრობთ, აცერთი ჩვენგანი დასაქმებული არ არის, მხოლოდ პენსიაზე ვართ დამოკიდებული, რომელიც თვიდან თვემდე არც მიგვყვება, განსაკუთრებით ზამთარში, პატარა ბავშვები ნახევრად გამთბარ ოთახებში ხშირად გვიცივდებიან, ამიტომ ხშირად გვიწევს წამლების ყიდვა. 546 ლარი მთლიანად კომუნალურებში და წამლებში იხარჯება. პროდუქტების სია, რომელიც თქვენ მაჩვენეთ ჩვენი ოჯახისთვის ფუფუნება იქნებოდა, ხორცს და რძის პროდუქტებს მხოლოდ დღესასწაულებზე ვყიდულობთ. კარტოფილი, პური და კვერცხია ჩვენი დღიური კალათა.”
როგორც ხედავთ, მინიმალური სამომხმარებლო კალათაც კი ზოგიერთებისთვის ფუფუნების საგანია, კითხვაზე, ეყოფა თუ არა 160 ლარი პენსიონერს თვიდან თვემდე, პასუხი ნათელია.
მასალა მოამზადა
ნინა პირტახიამ