საზოგადოებრივ კოლეჯში “აისი” ღია კარის დღე გაიმართა. როგორც “თბილისი თაიმსს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ღია კარის დღე პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამების და სწავლების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, საზოგადოებრივ კოლეჯში “აისი” კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა.
მათივე ინფორმაციით, კოლეჯს კახეთის რეგიონის სკოლებიდან 200-მდე უფროსკლასელი მოსწავლე ეწვია.
“ღონისძიების მიზანი იყო უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება პროფესიული განათლებით. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კოლეჯ “აისის” მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, გაცნობოდნენ მათთვის საინტერესო სპეციალობის თეორიული და პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებს. პარალელურად, გაიმართა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება. მოეწყო კოლეჯის ხელოვნების დარგის პროფესიის სტუდენტების მიერ წარმოებული პროდუქციის – თექის და დეკორატიული ქსოვილების გამოფენა-გაყიდვა”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, მოსწავლეები ასევე გაეცნენ პროფესიული განათლებაში მიმდინარე სიახლეებისა და რეფორმების მოკლე მიმოხილვას. დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამების, დაფინანსების მოპოვების და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ.