თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივით, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმისა მისი მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. საკრებულოს თავმჯდომარის იდეით კი, ფიროსმანის ქუჩა სამუზეუმო სივრცედ იქცევა.
რიმა ბერაძემ აღნიშნული წინადადებით, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა და ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის სახლმუზეუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ქუჩა-მუზეუმად რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება სთხოვა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, იდეის ავტორი – ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ასევე საქართველოს კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და ამავე სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის უფროსი ირმა დოლიძე ესწრებოდნენ.
ფიროსმანის ქუჩასთან დაკავშირებით, რიმა ბერაძემ მოწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნო საკუთარი ხედვები და მხარეებს ფიროსმანის ეპოქის დამახასიათებელი დუქნებისა და სამიკიტნოების მსგავსი ობიექტების აღდგენისა და სავაჭრო ცენტრების განთავსების ინიციატივით მიმართა.
მანვე გამოთქვა მოსაზრება, მთაწმნიდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მოწესრიგდეს ფიროსმანის სიმბოლური საფლავი.
ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივას შეხვედრაზე დადებითი შეფასება მოჰყვა.
გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, ძველი უბნების რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროსა და კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჩარევის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ფიროსმანის ქუჩის მსგავსი პროექტები ერთობლივი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ თბილისმა არ დაკარგოს ძველი იერსახე და ამავდროულად არ დაირღვეს მოსახლეობის უფლებები, აუცილებელია მოხდეს ისეთი ინვესტორის შერჩევა, რომელიც ყველა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
როგორც ნიკოლოზ ანთიძემ აღნიშნა, კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საკრებულოს შორის ასეთი სახის კომუნიკაცია დღემდე არ ყოფილა და დღევანდელი შეხვედრით უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები, რაც სასიკეთოდ წაადგება დედაქალაქს.
მისივე თქმით, შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც დადებენ დასკვნას, რის შემდეგაც უკვე ეტაპობრივად მოხდება ძველი თბილისის ქუჩების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.
რიმა ბერაძის წინადადება, რომელიც ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ქუჩა-მუზეუმად რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებას გულისხმობს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნა.