სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს 60 წლის იუბილე მიულოცა. პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებული შეხვედრა საპატრიარქოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მასში ავსტრიიიდან, ლიტვიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქეყნებიდან ჩამოსული უცხოელი სტუმრები, ხელოვანები, ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ესწრებიან. შეხვედრის დასაწყისში უწმინდესმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე ჩვენი ერის საამაყო შვილია. “ჩვენ გულით გილოცავთ ბატონო პაატა ამ შესანიშნავ თარიღს, ეს არის თქვენი დიდი მოღვაწეობის მწვერვალი. თქვენი საიუბილეო დღე ღირსშესანიშნავია არა მხოლოდ იმით, რომ თქვენ ბრძანდებით მსოფლიოს ცნობილი მომღერალი, არამედ თქვენ ბრძანდებით დიდი მოღვაწე, ჩვენი ერის საამაყო შვილი. გულით მოგესალმებით, არ შემიძლია მადლობა არ გადაგიხადოთ იმ მშენებლობისათვის, რომელსაც თქვენ ეწევით თბილისში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელობით. მალე დადგება ის დღე, როცა ამოქმედდება ეს ტაძარი”, – ბრძანა უწმინდესმა. პატრიარქმა პაატა ბურჭულაძეს მადლობა გადაუხადა იმ ადამიანების სახელით, რომლებიც უსახლკარო იყვნენ და მათ სახლები აჩუქა. უწმინდესმა პაატა ბურჭულაძე და მისი ოჯახი დალოცა. მათ საჩუქრად გადასცა წმინდა გიორგის გულზე დასაკიდი ხატი, ხოლო ოჯახისთვის კი წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატი. თავის მხრივ, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ უსახლკარო ბავშვებს სახლებს არა პაატა ბურჭულაძე ჩუქნის, არამედ ამ საქმეში მთელი საქართველოა გაერთიანებული. ხელოვანმა იმის შესახებაც აღნიშნა, რომ მახათას მთაზე ტაძარს მთელი ერი შემოწირულობით აშენებს. მან დაასახელა ის პირები, რომლებიც ტაძრის მშენებლობის ფონდში აქტიურად არიან ჩართული.