რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლიბიელი ჯიჰადისტების მიერ 21 ქრისტიანი კოპტის მკვლელობაზე მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ მორიგი არაადამიანური აქტი განახორციელა.
“ლიბიელი ჯიჰადისტების მიერ 21 ქრისტიანი კოპტის საზარელი მკვლელობა და შემდეგ მათი დახოცვის კადრების გავრცელება, გარდა სასტიკი დანაშაულისა, ტერორისტთა მხრიდან ცინიზმისა და დაუნდობლობის მაჩვენებელიცაა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გამოთქვამს მწუხარებას მომხდარის გამო. ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოს ჰუმანური საზოგადოება ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს ტერორისტთა არაადამიანურ ქმდებებზე”, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.
ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა ლიბიელმა ჯიჰადისტებმა 21 ეგვიპტელი ქრისტიანი კოპტი მოკლეს. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, ჯიჰადისტებმა ქრისტიანების დახოცვის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელეს, რომელშიც ერთ-ერთი ექსტრემისტი ყველა ქრისტიანს ემუქრება.
ჯიჰადისტებმა ეგვიპტელი კოპტები გასულ კვირას გაიტაცეს. მომხდარის გამო ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს, არ გაემგზავრონ ლიბიაში, ხოლო ისინი ვინც უკვე ლიბიაში არიან, მოერიდონ ისეთ რეგიონებს, სადაც ვითარება დაძაბულია.